„ოპოზიციური ალიანსი“ პირველ სამუშაო შეხვედრას მართავს
ოპოზიციის ალიანსი პირველ სამუშაო შეხვედრას მართავს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამ წუთებში გეგმებზე მსჯელობენ.
მათი განცხადებით , რომ დღევანდელ შეხვედრაზე ალიანსის მუშაობის ფორმატს, გადაწყვეტილებების მიღების წესსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. მათი თქმით, მთავარი ამოცანა საპროტესტო მოძრაობის გაძლიერება, საზოგადოებრივი მობილიზაცია და "ოცნების" ხელისუფლებაზე პოლიტიკური წნეხის ზრდაა, რათა დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.
პარტიების ლიდერები ასევე საუბრობენ საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის გაძლიერებასა და ერთობლივ კამპანიებზე, რომლებიც, მათი განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად უნდა იქცეს.
კოალიცია "ცვლილებისთის" ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, დღევანდელი შეხვედრა, პირველ რიგში, სამუშაო ფორმატის და გადაწყვეტილებების მიღების წესის განსაზღვრას დაეთმობა.
ბევრი საკითხია, რომელიც იხილება, მათ შორის საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერაც, მათ შორის ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად სამუშაო ფორმატის, რაკიღა პირველია, გადაწყვეტილებების მიღების წესზეც ვიმსჯელებთ, - ამბობს ნიკა გვარამია.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, ახალი ალიანსის შექმნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია და მთავარი ამოცანა საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებაა.
ოპოზიციის ალიანსის დაფუძნება ეს არის პირველი სტრატეგიული ნაბიჯი. სხვა ნაბიჯებიც გვექნება, მაგრამ პრიორიტეტი არის საქართველო, ქართველ ხალხთან საუბარი და შემდეგ უკვე საერთაშორისო, არა პირიქით. ამ ქვეყანაში შურისძიება, ანგარიშსწორება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და ამისთვის გვინდა თანხმობა საზოგადოებასთან. ჩვენი მთავარი სამიზნე, ვისაც ვესაუბრებით, ეს არის საზოგადოება, ხალხი, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოქალაქეების აქტიური ჩართვა და საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებაა.
ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზაცია, საპროტესტო მოძრაობაში ჩართვა და ამისთვის მნიშვნელოვანია ერთობლივი კამპანიები და ჩემი აზრით, ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ უმთავრესად. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ამაზეც ვისაუბრებთ, - ამბობს თინა ბოკუჩავა.
"დროას" ლიდერი გიგა ლემონჯავა საუბრობს სამოქმედო გეგმაზე, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს - პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას, პროტესტის გაძლიერებას და საერთაშორისო კოორდინაციას.
თვითონ ფაქტი, რომ ალიანსი შედგა, არის მნიშვნელოვანი, ოღონდ ყველაზე უფრო მნიშნელოვანი არის წინ და ეს საქმე არის კონკრეტული მიმართულებებით დაყოფილი. ეს არის ერთი - ივანიშვილის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალისხმევის გაერთიანება, მეორე ეს არის პროტესტის წინააღმდეგობის გაძლიერება, გაფართოება, გამრავლფეროვნება და მესამე ეს არის საგარეო ასპარეზზე ერთიანი კოორდინაცია. შეხვედრების გარდა იქნება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული მოქმედებები, რა თქმა უნდა, იქნება აქციებიც, საგარეო ვიზიტებიც - ყველაფერი ის, რაც საჭიროა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულებლად, - ამბობს გიგი ლემონჯავა.
ოპოზიცია ხაზს უსვამს, რომ "ოცნებასთან" დიალოგი იქამდე არ იქნება, ვიდრე ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან.