„ოცნება“ გრანტების კანონპროექტს საბოლოოდ ამტკიცებს - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში
"ქართული ოცნება" გრანტების შესახებ კანონპროექტს დღეს მესამე და ბოლო მოსმენით დაუჭერს მხარს. ივანიშვილის გუნდის მტკიცებით, ცვლილებების მიზანი საქართველოს შიდა პოლიტიკაში უცხოური ფინანსების გავლენის შეზღუდვაა. მათი თქმით, ახალი რეგულაციები მიმართულია იმისკენ, რომ აიკრძალოს ისეთი ფინანსური რესურსების შემოდინება, რომლებიც, "ოცნების" შეფასებით, ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის ხელშეწყობას ემსახურებოდა.
საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაში უნდა აიკრძალოს უცხო ფულის შემოდინება მავნე მიზნებისთვის. ქვეყნის შიდა პოლიტიკა უნდა იქნას დაცული შავი ფულისგან, უწყვეტი და მომდინარე ფინანსური რესურსებისგან, რომელიც აქ ხმარდებოდა მავნე მიზნებს, კერძოდ, რევოლუციების მცდელობას, არეულობის მცდელობას, საზოგადოებაში სიძულვილის ენის გაღვივებას, საზოგადოების პოლარიზაციას, - ამბობს გიორგი გაბუნია.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მტკიცებით, ახალი რეგულაციები ასევე პასუხია იმ მცდელობებზე, როდესაც, მათი შეფასებით, უცხოური ფინანსები ქვეყანაში არაოფიციალური გზებით შემოდიოდა.
საქართველოს მოქალაქეა ყველა და ყველა ვალდებულია, კონსტიტუცია დაიცვას. როდესაც იყო მინიმალური სტანდარტი მოთხოვნილი, უარი თქვეს და თქვეს, რომ ამას ჩვენ შავი ხვრელების მეშვეობით მოვახერხებთ, შავი ფულის შემოტანას საქართველოში. ბუნებრივია, სახელმწიფომ ამის წინააღმდეგ შესაბამისი საკანონდებლო ზომები მიიღო, - ამბობს იაკლი ქადაგიშვილი.
"ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება.
თუ რაიმე ახალს მოიგონებენ, რომელიც ჯერ კიდევ არ გვაქვს გათვალისწინებული შავი ფულის შემოტანის საკითხში, ამის იდენტიფიცირებასაც მოვახდენთ და არ დავაყოვნებთ ახალ საკანონმდებლო ცვლილებას, - ამბობს შარმანაშვილი.
ახალი კანონის მიხედვით, ციხეში გაუშვებენ ყველას, ვინც "ქართული ოცნების" ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
ცვლილებების მიხედვით ფართოვდება გრანტის ცნებაც. სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება ყველა გადარიცხვა, მიუხედავად იმისა, ფიზიკური პირის იქნება თუ იურიდიულის.
"ოცნების" ოპონენტები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებული ინსტრუმენტი გახდება.