"ოცნებამ" გრანტებისა და პარტიების შესახებ ცვლილებები საბოლოოდ მიიღო

04.03.26 14:40
"ოცნებამ" გრანტებისა და პარტიების შესახებ ცვლილებები საბოლოოდ მიიღო

პარლამენტმა 78 ხმით 9-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცვლილებებს ითვალისწინებს გრანტების, პოლიტიკური პარტიების, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში.

ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, გრანტების შესახებ კანონის დარღვევა, პარტიების მიერ დეკლარაციის წარუდგენლობა და აკრძალული პოლიტიკური შემოწირულობის მიღება.

ახალი რეგულაციებით ფართოვდება გრანტის ცნებაც — უცხოური ორგანიზაციებიდან ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან მიღებული სახსრები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას უკავშირდება, სახელმწიფოს კონტროლს დაექვემდებარება და მათი მიღება მთავრობის თანხმობას მოითხოვს.

კანონის დარღვევისთვის სასჯელი შესაძლოა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც იყოს.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სანქციებს ბიზნესის პოლიტიკური აქტივობისთვის - თუ მეწარმე იურიდიული პირი ისეთ პოლიტიკურ საქმიანობას განახორციელებს, რომელიც მის ძირითად საქმიანობას არ უკავშირდება, პირველ ეტაპზე 20 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.

კანონმდებლობაში დამატებულია ახალი მუხლიც, რომელიც ეხება ექსტრემიზმს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ და გარკვეულ შემთხვევებში 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კანონი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.