სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

04.03.26 16:20
სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში ოპოზიციის ალიანსის თემაზე პოლიტიკური დაპირისპირება გაგრძელდა - ივანიშვილის გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის განცხადებები და საპასუხო კომენტარები გაკეთდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა სხდომაზე თქვა, რომ ოპოზიციური გაერთიანება რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ჩამოყალიბდა და მისი თქმით, პროცესში გარე ძალების გავლენაც იკვეთება. მისივე მტკიცებით, "ლელოს" და გახარიას გუნდიც ამავე გაერთიანების ნაწილია, თუმცა "გარე ძალებმა" კონკრეტული სტრატეგიით მათი ალიანსიდან გამიჯვნა გადაწყვიტეს. 

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთხელ გაერთიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, მათი გარე პატრონების დავალებით მოხდა. ამ შემთხვევაში, ყველა ეპოქის, ყველა თაობის „ნაცი“ გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ყველა დროის „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა აქ ერთი რაღაც არის დასაფიქრებელი - რატომ არ გააერთიანეს გარე უფროსებმა ამ ჯგუფში პარტია „ლელო“ და პარტია „გახარია „საქართველოსთვის“?! გარე ძალები ცდილობენ, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გამინჯონ „ნაციონალური მოძრაობისგან“, რათა ჩვენი მოქალაქეები შეიყვანონ შეცდომაში, ვითომ, ისინი ცალკე ძალას წარმოადგენენ. არადა ყველა ერთი და იგივე ვერტიკალით იმართება. ყველას შევახსენებ, რომ „გახარია საქართველოსთვის“ პარტნიორობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ 2021 წლიდან მოყოლებული და 4 მუნიციპალიტეტში ჰქონდათ კოალიცია შექმნილი,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის განცხადებას პარლამენტში უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ, რომელმაც ივანიშვილის გუნდს პოლიტიკური ოპონენტების „მიწებების“ მცდელობაში დასდო ბრალი.

„ბატონო ლევან, ძალიან ცდილობთ ჩვენს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიწებებას და მიკერებას, მაგრამ არ გამოგდით და არც გამოგივათ. ჩემი რჩევა იქნება, ნუ ხარჯავთ ამხელა ენერგიას. თქვენ კი ძალიან გინდათ მიგვაწებოთ და მიგვაკეროთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც ამ წლების განმავლობაში ისწავლეთ ისაა, როგორ მოუგოთ მათ მართლაც ყველა არჩევნები. ამიტომაც გინდათ ჩვენი მიწებება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომ იცით, მთავარი ოპონენტი, ვინც შეიძლება თქვენივე ამომრჩეველი, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებებისა და ძალადობის გამო გადმოიბიროს და დაარწმუნოს, რომ თქვენთვის ხმის მიცემა აღარ შეიძლება, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ეს გაღელვებთ თქვენ. ჩვენ ბევრ პროცენტს ავიღებთ და ბევრად მეტ ადამიანს მოვიმხრობთ და ამას ნახავთ. თქვენ ასე გააგრძელეთ ქვეყნის ღალატი და ვნახავთ, ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს. ნუ დარდობთ ჩვენს პროცენტებზე, ძალიან გთხოვთ!“ - განაცხადა შარაშიძემ.