"ოცნებამ" თეა წულუკიანის კომისიის ანგარიში ინგლისურად თარგმნა
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ თეა წულუკიანის კომისიის ანგარიში ინგლისურად თარგმნეს - "ქართული ოცნების" ლიდერის განცხადებით, დოკუმენტს საელჩოებსა და ყველა „რელევანტურ ორგანიზაციას“ გადასცემენ.
„საგამოძიებო კომისიის დასკვნის თარგმანიც 300 გვერდზე მეტია, სადაც აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაული, თუ როგორ შეიქმნა და როგორ მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი წამების სისტემა, როგორ ხორციელდებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მკვლელობები „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პერიოდში, როგორ ხდებოდა ბიზნესის რეკეტი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში, როგორ ხდებოდა მედიის მიტაცება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში და როგორ ჩადიოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ დანაშაულს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში...
რა თქმა უნდა, დოკუმენტი გადაეცემა ყველა საელჩოს. გადაეცემა საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ საელჩოების მეშვეობით ყველა რელევანტურ აქტორთან და - მათთან მივიდეს, ვინც დღემდე იმ პერიოდის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მხარდამჭერი არიან. დღემდე „ევროპის სახალხო პარტია“ და სხვა გაერთიანებები საკუთარი რიგებიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აძევებს...
ამიტომ ეს დოკუმენტი ყველა რელევანტურ ადამიანამდე და კვლევით ორგანიზაციამდე მივა, რათა თითოეული მტკიცებულებით იცოდნენ როგორი დიქტატორული რეჟიმი იყო 2012 წლამდე საქართველოში, რომლის რეინკარნაციას ახლა ამ რეჟიმის შემქმნელი ადამიანები ცდილობენ“, - თქვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომის დაწყებამდე.