რას გვპირდებოდნენ და რა მივიღეთ? - პროდუქტების ნაწილი ისევ გაძვირდა

04.03.26 20:54
რას გვპირდებოდნენ და რა მივიღეთ? - პროდუქტების ნაწილი ისევ გაძვირდა

სანამ "ქართული ოცნება" ფასებთან გაჩაღებულ ომშია, პროდუქტები ისევ ძვირდება. საქსტატი ამტკიცებს, რომ ინფლაცია  შემცირდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს რიცხვებში. მარტივად, ავიღოთ კვერცხი, რომელიც წინა თვესთან შედარებით 3.4 პროცენტით გაიაფდა, მაგრამ წლიურად 3.6 პროცენტით გაძვირდა. ანუ, შედეგი მაინც გაძვირებაა. ესაა რეალობა, რომელშიც მოქალაქეების ჯიბეს უკეთესობა არ ეტყობა ოცნების მიერ კვერცხის ფასთან ბრძოლის მიუხედავად.

ყველაზე მეტად სურსათი ძვირდება, წლიურად თითქმის 10 პროცენტით. ანუ ყველაზე საჭირო პროდუქტებში ყველაზე მეტის გადახდა გვიწევს. 23 პროცენტით გაძვირდა თევზეული, თითქმის 14 პროცენტით პური, 13 პროცენტით ხილი, 10 პროცენტით ბოსტნეული და ხორცი. გაძვირებულია შაქარი, ზეთი, მაგრამ სამაგიეროდ, გაიაფდა მაცივარი, სადაც ვინმემ შესაძლოა ძვირად ნაყიდი სურსათის შელაგება შეძლოს.

რიცხვებით თამაში მოსახლეობის მძიმე ყოფას ნამდვილად ვერ ცვლის. საქსტატის მონაცემებში თან ფასები იმატებს და თან ინფლაცია მცირდება. ეს კი ეკონომისტების თქმით, რეალობას ვერ ასახავს. ექსპერტების თქმით, ქვეყნის მთავარი მთვლელის დამოუკიდებლობა დიდი ხანია სათუოა, საქსტატის დირექტორი რომ შეინარჩუნოს, ოცნებამ კანონიც კი შეცვალა.   

ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით