დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს - რა მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში

05.03.26 10:15
დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს - რა მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში

ტელეგრამ არხზე გავრცელებული ცნობით, 4 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ფოქვეშში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდოდ, ე.წ. კამიკაძე დრონის ჩამოვარდნის  შედეგად ტრანსფორმატორი დააზიანა, რის შედეგადაც ფოქვეშს ელექტრომომარაგება შეუწყდა.

ამის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა რუსეთის საზღვარზე მდებარე ფსოუს გამშვები პუნქტი ჩაკეტა, თუმცა რამდენიმე წუთში მოძრაობა აღდგა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ  ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და რადიო-ელექტრონული ბრძოლის მეთოდებით საჰაერო სივრცის დრონების მიერ დარღვევას იგერიებდნენ. მარიონეტულმა უწყებამ მოსახლეობას მოუწოდ დრონების ნაწილების აღმოჩენის შემთხვევაში მათ არ მიუახლოვდნენ.

ამასთან დღეს დილით გავრცელდა ვიდეო, რომლის გამომქვეყნებელიც ირწმუნებოდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის მიმდებარედ მფრენ დრონებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიდან ცეცხლს უხსნიდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. 

 ტელეგრამ არხებზე წერენ, იმასაც რომ სოფელი ფშაფის თავზე შენიშნეს შავი ზღვის მხრიდან შემომავალი დრონი, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა. ვრცელდება ცნობები, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დასახლებებში ესმით სროლისა და აფეთქებების ხმები.

ჯერჯერობით არ ვრცელდება დადასტურებული ვიდეო, სადაც სოხუმის თავზე გამოჩენილი დრონი ან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობა ჩანს.