ეს ბრძოლაც არის საყოველთაო, ყველა პატიოსანი მოქალაქის საქმე! - ნიკა მელიამ საზოგადოებას მოუწოდა

07.11.21 21:04
 ეს ბრძოლაც არის საყოველთაო, ყველა პატიოსანი მოქალაქის საქმე!  - ნიკა მელიამ საზოგადოებას მოუწოდა

" ეს ბრძოლაც არის საყოველთაო, ყველა პატიოსანი მოქალაქის საქმე! " - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ნიკა მელიამ საზოგადოებას ხვალ, 20:00 საათზე, აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

ხელისუფლების მიცემული ვადა როგორც იცით, ამოიწურა და ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილის განაჩენი არ გააუქმა და აპირებს,  ბოლომდე მიიყვანოს აღსრულება. მინდა, პირობა დავდო ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით, რომ ეს არ მოხდება. მიმაჩნია, ქვეყნის ღირსება ვერ იქნება დაცული, თუ ჩვენ ახლა უკვე მეორეჯერ საქართველოს კიდევ ერთ პრეზიდენტს მოუკლავთ. 

დღეს სწორედ სააკაშვილის ტყვეობა არის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე - დასავლეთი თუ რუსეთი. დასავლური საქართველო ითხოვს სააკაშვილის თავისუფლებას, რუსული საქართველო კი, ვხედავთ, ბედნიერია მისი ტყვეობით და მის სიკვდილს ელოდება!

სწორედ ამიტომ, დიახ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენაზე დღეს გადის ჩვენი ისტორიული არჩევანის ხაზი - ვირჩევთ დასავლეთს თუ რუსეთს! 

დიახ, გაივლო ისტორიული ხაზი - შევძლებთ თუ არა ჩვენს შთამომავლებს გამართულად და სირცხვილის გარეშე ჩავხედოთ თვალებში, თუ ჩვენი თანამონაწილეობით დაიწერება ჩვენი სამშობლოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავი ფურცელი, რასაც არ დავუშვებთ! დიახ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენა არის სიმბოლო ივანიშვილის სიბნელის დამარცხების და საქართველოს ნათელი მომავლის გამარჯვების! 

დიახ, დღეს ეს ყველაფერი გადის სააკაშვილის გადარჩენაზე - მოგვწონს ეს თუ არა, ვემხრობით მას თუ არა, ნებისმიერ ვითარებაში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთია მოცემულობა.

ჩვენი ბრძოლა არის საბოლოო და გადამწყვეტი. ჩვენ სხვა უფლება გარდა გამარჯვებისა, მეგობრებო აღარ გვაქვს - ყველა ხაზი გადალახულია და არის რისკი იმისა, რომ ავტორიტარულ ბანანის რესპუბლიკას დავემსგავსოთ, რომელიც სიღარიბეში იხრჩობა და რუსეთის უბრალო ვასალი და ნების შემსრულებელია! ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ. 

ჩვენ ვიბრძვით მოპარული არჩევნების და მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად! და ეს ბრძოლაც არის საყოველთაო, არა ერთპარტიული, არამედ ყველა პატიოსანი მოქალაქის საქმეა! 

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მომავალი თაობების შანსისთვის ბავშვობიდან არ იზრდებოდნენ დაპირისპირების, მტრობის, სიძულვილის გარემოში. არამედ სხვადასხვა შეხედულებების და გემოვნების ადამიანებს გვქონდეს საშუალება თანამშრომლობის, მეგობრობის, შიშის გარეშე ცხოვრების. 

ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ბოლო-ბოლო, 30 წლის თავზე აღარ გვისმენდენ, არ გვატერორებდნენ, ხმის მიცემას არ გვაიძულებდნენ, გაღარიბებულ ადამიანებს ორ გროშად არ ქრთამავდნენ.  ჟურნალისტებს არ კლავდნენ ველურები შუაგულ თბილისში, ევროპის დროშებს არ წვავდნენ. 

ჩვენ ვიბრძვით თუნდაც იმისთვის, რომ 4 შვილის დედას ელენე ხოშტარიას არ უწევდეს შიმშილობა, რომ გადაგიჟებულ ხელისუფალს აუხსნას, რომ მკურნალობის უფლება ყველას აქვს. და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ყველაფრისთვის. ჩვენ ვიბრძვით, რომ საქართველო დასავლური ოჯახის ღირსეული წევრი იყოს და არ ჩაიგდოს ხელში რუსეთმა.ჩვენ ვიბრძვით, რომ სასამართლო არ იყოს მონათა კლანი! რომ ყოველ დღე არ გარბოდნენ ქვეყნიდან ახალგაზრდები! ყოველდღე ვიღაც არ კარგავდეს სამსახურს!

ძვირფასო მეგობრბეო, ყველანი, ხვალ, თავისუფლების მოედანზე! 8 ნოემბერს, 8 საათზე თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან დავიწყოთ! - მოუწოდა ნიკა მელიამ საზოგადოებას.

მსგავსი სიახლეები