მზად ვართ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც - ღარიბაშვილი

08.11.21 11:17
მზად  ვართ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია  მერვედ დამარცხდა, თუმცა მმართველი გუნდი მაინც მზად არის, რომ ოპონენტებთან ითანამშრომლოს. ღარიბაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს წალენჯიხის მერთანაც, რომელიც ოპოზიციის ერთადერთი გამარჯვებული კანდიდატია. 

კარგად გვესმის, რომ ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც 8-ჯერ გეუბნება ხალხი უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის.

კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ოპოზიციასაც, რომ დადგა დრო, რომ საკუთარი კერძო, პირადი, პარტიული,  ინტერესები არ დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა, მთავარი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს, ხალხის ინტერესები და არა ვიწროპარტიული ინტერესები. ამიტომ თუ ოპოზიციას სურს საქმეზე დებატები, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი და ჩვენ მთელი მინისტრთა კაბინეტი  და მთავრობა ვართ მზად, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც.

მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთი ოპიოზიციური კანდიდატი, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და ჩვენ, მთელი მთავრობა, ვიქნებით მზად, რომ ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუციულ რეჟიმში. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა გაუგებრობა გამოიწვია და მინდა დავაზუსტო, რომ რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც  ", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები