დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად შეჩერდა - EU-ის საზღვარზე კონტროლი მკაცრდება
დღეიდან ევროკავშირის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ კონტროლი მკაცრდება. თანამდებობის პირებს, ვისაც დიპლომატიური ან სამსახურეობრივი პასპორტი აქვს, ევროკავშირში უვიზოდ შესვლა შეუჩერეს. ახლა კი იმისთვის, რომ მათ, დიპლომატიური პასპორტების ნაცვლად ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა, რიგითი მოქალაქის პასპორტით არ სცადონ - ანუ დაწესებულ შეზღუდვებს გვერდი რომ ვერ აუარონ, საზღვარზე კონტროლი მკაცრდება.
მასშტაბური შეზღუდვები "ქართულ ოცნების" თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე ამოქმედდა. 27-ვე ქვეყანა ვალდებულია, ბრიუსელის დაწესებული ზომები გაატაროს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ის მაღალჩინოსნები, ვინც თაღლითობას შეეცდებიან, ანუ დიპლომატიურ პასპორტს დამალავს და საზღვრის კვეთას რიგითი მოქალაქის სტატუსით შეეცდება, შავ სიაში მოხვდება და შესაძლოა, ევროპის 27 ქვეყანაში შესვლა საერთოდ შეეზღუდოს.
რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმა ახლა - უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროკომისარი მარტა კოსი ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა. "ახალი კანონი, რომელიც არაღიარების კრიმინალიზებას ახდენს, ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და აშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან" - მიიჩნევენ ბრიუსეში.
ამ ეტაპზე უვიზოდ ევროკავშირში იმოგზაურებს საქართველოს ყველა მოქალაქე, "ქართული ოცნების" იმ მაღალჩინოსნების გარდა, ვისაც ლურჯი და შავი პასპორტი აქვს, თუმცა შესაძლოა ეს რეალობაც შეიცვალოს. დღევანდელ გადაწყვეტილებას ახლავს განმარტებაც და მომავალი საფრთხეც.