ვინ არის "მოღალატე" - ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება და პარლამენტში შესულების პასუხი
"მოღალატე", "სასარგებლო იდიოტი" და "კოლაბორანიონისტი" - ეს სიტყვები პოლიტიკურ ველზე დღეს ყველა მხრიდან ისმოდა. ახალი პოლიტიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გახარიას პარტიას "მოღალატეები" უწოდა. მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველა, ვინც ოპოზიციურ ერთობას ხელს უშლის, "ოცნების" რიტორიკის გამეორებით და პარლამენტში შესვლით "მოღალატეა".
"ოპოზიციური ალიანსის" შექმნის შემდეგ, გიორგი გახარიას პარტია ერთ-ერთი იყო, რომელიც ოპოზიციურ ერთობას "ოცნებასთან" ერთად აკრიტიკებდა. ზურაბიშვილის განცხადებაც სწორედ ამ თავდასხმებს უკავშირდებოდა, თუმცა გახარიას პარტია მიიჩნევს, რომ პარლამენტში ყოფნით 12 დეპუტატი მთელი ოპოზიციის საქმეს აკეთებს და "ოცნებასთან" სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იმყოფებიან.
გიორგი გახარიას პარტია ერთადერთი იყო ოპოზიციიდან, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში შევიდა. მათ არც დაუმალავთ, რომ ამით საკუთარი პარტია მათ შორის გაუქმებისგან გადაარჩინეს. გახარია კი ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო, რომელიც თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდა.