მე ყველა შეკითხვას ვუპასუხე, მათ [გამომძიებლებმა] ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს - გუბაზ სანიკიძე
სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ისტორიკოსისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის გამოკითხვა დასრულდა.
მან ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.
შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით, არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები. მე ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს"- თქვა პოლიტიკოსმა.
გუბაზ სანიკიძის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, მისი განცხადებით, სანიკიძემ სუს-ის გამომძიებლებს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
გუბაზის სატელევიზიო ეთერთან დაკავშირებით იყო დაკითხვა, ეს ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება უშუალოდ კითხვებს, შეგიძლიათ სახელმწიფო უწყებებს ჰკითხოთ მათი კითხვების თაობაზე, თუ უნდათ, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, დაე, თვითონ მიაწოდონ, მე რატომ უნდა გავცე პასუხად ის, რასაც სუს-ი კითხვებად სვამს. რაც შეეხება გუბაზის სატელევიზიო ეთერს, ამ ეთერთან დაკავშირებით მან დეტალურად ისაუბრა და სახელმწიფოებრივად საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. იმ სკოლასთან [ტერორიზმის სკოლა] დაკავშირებით ინტერნეტი გადაჭრელებულია ინფორმაციებით, ოღონდ არაქართული წყაროები, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდზე, როგორც დასავლურზე, ასევე აღმოსავლურზე, შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ინფორმაცია, რაც იმ განცხადებებს ადასტურებს, რაზეც სატელევიზიო ეთერებში ისაუბრა. ეს იყო შეშფოთებული მოქალაქის, ამ ქვეყნის გულშემატკივარი ადამიანის ეთერი“, - განაცხადა ბასილაიამ.
გუბაზ სანიკიძის გარდა, გამოკითხვაზე დაბარებული არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი. ორივე მათგანი მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან. სუს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული გივი თარგამაძეც.
გამოკითხვაზე დაბარებულებთან სუს-ს კითხვები სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნებათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა“.