"ივანიშვილის დამხობა ქოცებისთვის ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვამხობთ... ბიძინა სახელმწიფოა, მთავრობაა თუ კონსტიტუცია?" - ანი ნადარეიშვილი

10.03.26 11:38
"ივანიშვილის დამხობა ქოცებისთვის ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვამხობთ... ბიძინა სახელმწიფოა, მთავრობაა თუ კონსტიტუცია?" - ანი ნადარეიშვილი

 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სისხლის სამართლის ახალ საქმეზე გამოძიების დაწყებას ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი ეხმაურება. 

  • ბაჩო ახალაიასთვის პროკურატურას ბრალდება ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია. 

ანი ნადარეიშვილის განმარტებით, 317-ე მუხლი, რომელსაც მის დაკავებულ მეუღლეს ედავებიან სახელმწიფოს დამხობის მოწოდებას მოიაზრებს, თუმცა ბაჩო ახალაიამ სასამართლოზე განაცხადა, რომ არა სახელმწიფო, არამედ "ივანიშვილი უნდა დაემხოს".

ანი ნადარეიშვილი აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი არანაირ თანამდებობას არ იკავებს - "რომელია აქედან ბიძინა? - სახელმწიფოა, კონსტიტუციაა, მთავრობაა?".

მისივე თქმით, ბაჩო ახალაიამ აღნიშნული ფრაზა სასამართლო დარბაზში თქვა, რასაც პროკურორები და მოსამართლე უსმენდა, თუმცა მათ რეაგირება არ ჰქონიათ, შესაბამისად ისინიც "დანაშაულის" მონაწილეებად ითვლებიან. 

ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორც ვიცი, არანაირ თანამდებობას არ იკავებს და ბიძინა ივანიშვილის დამხობა ანუ ქოცებისთვის ნიშნავს, რომ ვამხობთ სახელმწიფოს, ესე გამოდის. ეს მუხლი, 317-ე მუხლი არის სახელმწიფოს კონსტიტუციის დამხობა და რომელია აქედან ბიძინა? - სახელმწიფოა, კონსტიტუციაა, მთავრობაა? - იქნებ განგვიმარტონ, რომ ჩვენც ვიცოდეთ ის მუხლი, რომელიც შემოიტანეს არალეგიტიმურად ცნობასთან დაკავშირებით ბატონ ბიძინაზე არ ვთქვათ და ვცნოთ ლეგიტიმურად ბატონი ბიძინა. გამოდის ეს ხელისუფლება თვითონ აღიარებს, რომ თვითონ არალეგიტიმურია და არარსებულია

პროკურორები, რომლებიც ისხდნენ სხდომაზე და მოსამართლე ვალდებულები იყვნენ, თუ სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი დაეწყოთ გამოძიება იქვე, თუმცა გამოდის, რომ მაშინ თანამონაწილეები არიან პროკურორებიც და მოსამართლეც "დანაშაულის". 

ბევრჯერ ახსენა ბაჩო ახალაიამ ეს ფრაზა არა მარტო ბოლო სასამართლო სხდომაზე, არამედ მანამდეც. ციხიდან გამოგზავნილი გზავნილითაც, რომელიც ტელევიზიით გავიდა არაერთხელ, მაგრამ გუშინ ჩემ სოციალურ ქსელში ისეთი გამოხმაურება მოჰყვა ამ ფრაზებს და ისე გავრცელდა ვირუსულად, რომ ამის გამო დაიწყეს გამოძიება, ძალიან გავრცელდა და შეეშინდათ.

არაფერს არ ნიშნავს რამე მუხლების დამატება კიდევ იმიტომ, რომ ადამიანი ჩუმად იყო, პოლიტიკაში არ ერეოდა, იჯდა თავის საკუთარ სახლში, სამზარეულოში შვილებთან და ოჯახთან ერთად, შემოვარდნენ, დააკავეს არაფრის გამო საერთოდ. ილაპარაკებ თუ არა რამეს არ აქვს მნიშვნელობა და რამდენ მუხლს წაგიყენებენ იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანიც უნდა იმდენი ხანი ჩაგსვამენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი მალე დაემხობა," - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა. 

  • მუხლი 317 მოიაზრებს - მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

ცნობისთვის, თავდაცვის ექს-მინისტრს ბრალი დაუმძიმდა, მას დამატებით დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან.