გამოკითხვები სუსში - „ქართული ოცნება“ ირანულ გავლენებზე საუბარს „ჭორაობას“ უწოდებს

10.03.26 13:16
გამოკითხვები სუსში - „ქართული ოცნება“ ირანულ გავლენებზე საუბარს „ჭორაობას“ უწოდებს

"ქართული ოცნება" არ მალავს, რომ სუსში დაწყებული გამოძიების მიზანი არა კვლევის საგნის შესწავლა, არამედ ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოში ირანულ გავლენებზე ხმამაღლა საუბრობენ.

როგორც ივანიშვილის გუნდის წევრი ლევან მახაშვილი აცხადებს, უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოკითხვები სწორედ იმის გარკვევას ემსახურება, რამდენად საფუძვლიანია გავრცელებული ბრალდებები. ამასთან, დეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ კვლევის თანაავტორები "ჭორებს" ავრცელებენ.

წლების განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ბრალდება საქართველოსთან დაკავშრებით. თავად ამ თემის წარმოადგენლებმაც არაერთი განცხადება გააკეთეს. ვნახეთ მათივე წარმომადგენლების განცხადებები ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ბრალდებებს ავრცელებენ, რომ თურმე ტერორისტებს ამზადებენ და ა.შ., აღარ გავიმეორებ ამ ბრალდებებს. ამიტო სუსის მიერ გამოკითხვები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ მაქსიმალურად იყოს შესწავლილი ყველა ეს საკითხი და ვნახოთ, საფუძვლიანია ეს ბრალდებები თუ უსაფუძვლო, ცილისწამება საქართველოს მიმართ, რისი დიდი ეჭვებიც არის, რა თქმა უნდა. ამიტო, ჭორაობას, რასაც ეს ადამიანი და ეს ორგანიზაცია ახორციელებს, ამაზე ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ასეთი ჭორაობები კანდელაკებისგან და მისგანაც არაერთი გვაქვს მოსმენილი, - ამბობს ლევან მახაშვილი.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა "ოცნების" კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი გაბუნიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიება იმ განცხადებებს უკავშირდება, რომლებიც მისი თქმით, ქვეყნის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ვრცელდება. 

იმ პირობებში, როდესაც ასეთი უმძიმესი პროცესები მიმდინარეობს და როდესაც პრაქტიკულად, მთელი არაბული სამყარო ჩართულია სამხედრო მოქმედებებში, გამოჩნდნენ ეს აგენტები, ეს დარაზმული ქვეყნის მტრები და პირდაპირ, მიზანმიმართულად, ორგანიზებულად აკეთებენ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე საქართველოში არსებობს რაღაცა ტერორისტული საფრთხეები და ცდილობენ, საკუთარი განცხადებით მიიპყრონ ყურადღება და საქართველოს შეუქმნან სერიოზული რისკები. სწორედ ამას უკავშრდება სუსის მხრიდან დაწეყბული გამოძიება, - ამბობს გიორგი გაბუნია. 

ჰადსონის ინსტიტუტის მიერ საქართველოში ირანის გავლენის შესახებ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუს-ში გამოკითხვები მიმდინარეობს. ამ საქმეზე უკვე დაიბარეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, „სოვლაბის“ მკვლევარი გიორგი კანდელაკი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. კანდელაკს კითხვები თავად კვლევასთან დაკავშირებით დაუსვეს, ხოლო ხიდაშელს – განცხადებაზე, რომელიც მან ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა და სადაც ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს „ტერორისტების სკოლა“ უწოდა.