რატომ ამოიღო ევროკავშირმა ყულევის პორტი სანქციების პაკეტიდან

10.03.26 13:24
რატომ ამოიღო ევროკავშირმა ყულევის პორტი სანქციების პაკეტიდან

ევროკავშირმა ყულევის პორტი სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო - თავდაპირველად ინფორმაცია  ქართულმა პროსახელისუფლებო მედიამ და რუსულმა სახელმწიფო სააგენტოებმა გაავრცელეს.

ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებ დაწერა ზერბაიჯანულმა მედიამაც.  APA წერს, რომ შესაბამისი წერილი ქართულმა მხარემ ევროკომისრისგან დევიდ ო'სალივანისგან მიიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისთვის მიწერილი წერილი  5 მარტით თარიღდება.

ო'სალივანი წერს, რომ მას შემდეგ "პოზიცია გადაიხედა“, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა აიღეს რიგი ვალდებულებები. 

"საქართველოში მდებარე ყულევის პორტის ჩართვა თავდაპირველად განიხილებოდა სანქციების მე-20 პაკეტში, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების შესვლის გამო. ეს საწყისი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს. მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას", - აღნიშნულია წერილში.

გაირკვა ისიც, რომ  ვალდებულება აგრეთვე აიღო კომპანია SOCAR-მა, რომ იმოქმედებს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის ზღვრული ფასის გათვალისწინებით რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული იმპორტის აკრძალვის დაცვით.

ო’სალივანი მიუთითებს მხარეებს შორის თანამშრომლობაზე და იმედს გამოთქვამს, რომ ოპერატიულ დონეზე კონსულტაციები „გაგრძელდება და ნაყოფიერ თანამშრომლობამდე" მივა.

"თქვენი ხელისუფლება უკვე დაუკავშირდა კომისიას ტანკერ M/T TRUVOR-ის (IMO 9676230) საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციის მოთხოვნით და ვაფასებ, რომ თქვენ ამ გემს საქართველოს პორტში შესვლის უფლება არ მიეცით. იმედი მაქვს, რომ ოპერატიულ დონეზე კომუნიკაცია გაგრძელდება და ნაყოფიერ თანამშრომლობამდე მიგვიყვანს", - ნათქვამია წერილში.

ევროკომისიამ სანქციების მე-20 პაკეტი თებერვლის დასაწყისში წარადგინა და მისი მიზანია რუსეთს ნავთობიდან შემოსავლები კიდევ უფრო შეუმცირდეს. სანქციების ამ პაკეტში პირველად მოხვდა ქართული პორტი. ევროკავშირს სურდა სანქციები უკრაინის ომის წლისთავზე, თებერვლის ბოლოს მიეღო, თუმცა უნგრეთმა დაბლოკა.

რადიო თავისუფლება" ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოს პორტის სანქცირების საჭიროება დოკუმენტში ასე იყო დასაბუთებული: „ყულევის პორტი გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.

მოგვიანებით თბილისმა განაცხადა, რომ ყულევთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიაწოდეს ევროკომისიას.