ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციებს „მაკულატურას" უწოდებს

10.03.26 14:20
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციებს „მაკულატურას" უწოდებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატები სტრასბურგში იმყოვებიან -  გიორგი ჩაკვეტაძემ და ვახტანგ თურნავამ სავარაუდოდ ვიზები უკვე აიღეს. 

"პირველების" ინფორმაციით, თავდაპირველად დელეგაციისთვის ლევან მახაშვილს უნდა ეხელმძღვანელა, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. 

ის, რომ დელეგაციაში არ იქნება, "პირველებს" თავად მახაშვილიც უდასტურებს. ამასთან, "ოცნების" დეპუტატი ევროპარლამენტის რეზოლუციებს „მაკულატურას“ უწოდებს, ხოლო ევროკავშირს ადანაშაულებს, რომ ევროპარლამენტი ხშირად „ევროპას ამოფარებული პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად“ გამოიყენება.

მე არ ვიქნები (დელეგაციაში). ბრიუსელისგან განსხვავებით, ჩვენ პატივს ვცემთ იმ წესებს, რაც არის დადგენილი ევროკავშირის გადაადგილებასთან დაკავშრებით. ვგულისხმობ იმას, რომ სადაც ვიზით არის ჩასვლა საჭირო, ვიზით წავალთ, სადაც უვიზოდ არის - უვიზოდ წავალთ. ჩვენ არ ვაპირებთ, ბრიუსელისგან განსხვავებით, ბოროტად გამვიყენოთ ან არაკეთილსინდისიერად გამოვიყენოთ ეს წესები.

დასანქცირებული არავინ არ აის, არცერთი ჩემი კოლეგა ევროკავშირის მხრიდან. თავად ბევრი ევროპარლამენტარი უყურებს ამ რეზოლუციებს უკვე როგორც მაკულატურას, ანუ სასაცილოდ აღარ ჰყოფნით ბევრ მათგანს და ევროპარლამენტი გადაიქცა უწყებად თუ ორგანოდ, სადაც ხშირად ბოროტად ხდება გამოყენება, ევროპას ამოფარება და ა.შ. 

არ ვაპირებთ სადღაც საზღვრებში შეპარვას, - ამბობს ლევან მახაშვილი.   

ამ ეტაპზე უცნობია, დაესწრებიან თუ არა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები ევროპარლამენტში ხვალ დაგეგმილ დებატებს, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პოლიტპატიმრებისა და რეპრესიების საკითხი იქნება.