დაუწესდეთ პერსონალური სანქციები "ოცნების" წარმომადგენლებს - სტრასბურგი დებატებისთვის ემზადება
საგანგებო დებატებამდე ერთი დღით ადრე ევროპარლამენტარები „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ადასტურებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - დაუწესდეთ პერსონალური სანქციები ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს. საქართველო ხვალ ევროპარლამენტის ყურადღების ცენტრში იქნება, სადაც დეპუტატები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე იმსჯელებენ და რეზოლუციის მიღებასაც გეგმავენ.
დებატებზე საუბარი შეეხება იმას, თუ როგორ ებრძვის „ქართული ოცნება“ განსხვავებულ აზრს რეპრესიული კანონებით და როგორ ცდილობს კრიტიკოსების გაჩუმებას. თუმცა, როგორც ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ, განხილვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქალი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასა და სხვა პოლიტიკური პატიმრების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა იქნება.
ევროპარლამენტში ამ დროისთვის რეზოლუციის პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს. თავდაპირველად თითოეული პოლიტიკური ჯგუფი საკუთარ დოკუმენტს წარადგენს, რის შემდეგაც ერთობლივი ტექსტი ჩამოყალიბდება და საბოლოო ვერსია კენჭისყრაზე ხუთშაბათს გავა.
„ტვ პირველმა“ მოიპოვა ევროპის სახალხო პარტიის სამუშაო დოკუმენტიც, სადაც ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად საქართველოში პოლიტიკური პატიმრების უპირობო გათავისუფლება სახელდება. ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის წევრი, კშიშტოფ ბრეიზა, „ტვ პირველის“ ეთერით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეშფოთების განცხადებებიდან კონკრეტულ ქმედებებზე დროულად გადავიდნენ.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.