დახურულ პროცესზე ნათქვამი ფრაზა და ახალი საქმე - სუსმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მიზეზი გახდა ფრაზა, რომელიც ახალაიამ სასამართლო პროცესზე თქვა: „ივანიშვილი უნდა დაემხოს“. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული განცხადების გამო ახალაიას შესაძლოა ახალი ბრალი წაუყენონ.
სადავო ფრაზა ბაჩო ახალაიამ 2 მარტს, დახურულ სასამართლო სხდომაზე გააჟღერა. პროცესს ესწრებოდნენ პროკურორი და მოსამართლე, თუმცა იმ მომენტში მათ ბრალდებულის განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ დაუნახავთ. მიუხედავად ამისა, სხდომიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ სუსმა გამოძიება დაიწყო, მას შემდეგ რაც დახურული პროცესის ჩანაწერი ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის წარუდგენს საგამოძიებო უწყება ბაჩო ახალაიას ახალ ბრალს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატის თქმით, მას ამ საკითხთან დაკავშირებით სამართალდამცავები ჯერ არ დაკავშირებიან. ადვოკატი კითხვის ნიშნად მიიჩნევს იმასაც, თუ როგორ შეიძლება დახურულ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადება საჯარო მოწოდებად ჩაითვალოს.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილს არცერთი არჩევითი ან დანიშნული სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია — ის მხოლოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარეა. ამიტომ ჩნდება კითხვაც, როგორ შეიძლება მისი „დამხობის“ შესახებ განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. აღნიშნულ საკითხზე განმარტებების მიღებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგანაც ცდილობენ.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.