რატომ ამოიღო ევროკავშირმა ყულევის პორტი სანქციების პაკეტიდან - რა ვალდებულება აიღო "ოცნებამ"
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილმა საქართველოში სანქციებთან დაკავშირებული საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახადა. დოკუმენტში საუბარია შესაძლო სანქციებზე იმ ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც რუსულ ფინანსურ სისტემას იყენებენ და მოსკოვს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
წერილში აღნიშნულია, რომ ასეთ შემთხვევაში შესაბამის ბანკებს შესაძლოა ევროკავშირში ტრანზაქციების განხორციელება აეკრძალოთ. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ჩანაწერი მიუთითებს, რომ ევროკავშირს უკვე აქვს ინფორმაცია სანქციების შესაძლო დარღვევებზე ფინანსურ სექტორში.
დევიდ ო’სალივანის წერილი 5 მარტით თარიღდება. თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა 10 მარტს განაცხადეს, რომ ყულევის ნავთობტერმინალი სანქციების პაკეტიდან ამოიღეს მტკიცებულებების არარსებობის გამო.
მიუხედავად ამისა, როგორც ირკვევა, ტერმინალი სანქციების სიაში არ მოხვდა კონკრეტული პირობების შესრულების საფუძველზე. ივანიშვილის ხელისუფლებამ ევროკავშირს მისცა გარანტიები და აიღო ვალდებულება, რომ ყულევის ტერმინალში სანქცირებული გემები არ შეუშვებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით კრიტიკული შეფასებები გააკეთა სალომე ზურაბიშვილმაც, რომელმაც "ოცნებას" რიტორიკული კითხვით მიმართა იმ პირობების შესახებ, რომლებზეც ევროკავშირთან შეთანხმება მოხდა.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.