ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია განცხადებას ავრცელებს

11.03.26 14:09
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია განცხადებას ავრცელებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აღნიშნავს, რომ ვიზიტის მიზანი იყო "დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა".

  • ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სახალხო დამცველს, პარლამენტის შიგნით და მის გარეთ არსებული მრავალი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე ეწვია ადმინისტრაციულ საზღვარს და შეხვდა საქართველოს ნაწილების ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს.

„ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს ბევრი შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე მის გარეთ მყოფი პირები, როგორც ჩანს, მუდმივად აქტიურად ურთიერთობენ საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ...„მოვუწოდებ ყველა მხარეს კონსტრუქციულად ჩაერთონ და დაიწყონ პირდაპირი კომუნიკაცია დიალოგის აღდგენის მიზნით. მთავრობას ამაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია“, -  აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონმა.

განცხადების თანახმად, "დელეგაცია მიესალმა ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებებთან დაკავშირებით". 

დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, ისიც რომ როდესაც მომავალი არჩევნები ჩატარდება, ის უნდა შეესაბამებოდეს ეუთოს (OSCE) ვალდებულებებს.

მათივე თქმით, „პოლიტიკურ სივრცეში არსებული მკვეთრი პოლარიზაცია კვლავაც დარჩება ამ მიზნების მიღწევის მნიშვნელოვან დაბრკოლებად”. 

დელეგაცია ფიქრობს, რომ "ამომრჩევლები ხმას სწორედ იმათ მისცემენ, ვინც ამ მიზნებისკენ კონსტრუქციული გზით ისწრაფვის”.

„ნათელია, რომ საქართველოში პოლიტიკასა და საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყანას თავისი პოტენციალის მიღწევაში. ჩვენი დელეგაცია პოლიტიკურად მრავალფეროვანია და ბევრ საკითხზე არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ერთად ვმუშაობთ. იგივეს ველით საქართველოში მყოფი პოლიტიკური ლიდერებისგანაც“, – აღნიშნა ლუის გრაკამ, სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა. 

მისივე თქმით, როგორც ოქტომბერში მან მკაფიოდ განაცხადა, „სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია. ცვლილებები უნდა განხორციელდეს საარჩევნო ყუთებისა და პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანოების მეშვეობით და არა მათი დამხობისკენ მიმართული ძალადობით“.

„აქ [საქართველოში] არსებული პრობლემების გადაწყვეტა არც ეუთოს და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გადასაწყვეტი არ არის. ეს საქართველოს ხალხისა და ლიდერების გადასაწყვეტია და იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური სცენის დეესკალაციისა და რეალური პოლიტიკური დიალოგის დაბრუნებისკენ პასუხისმგებლიან ნაბიჯებს დავინახავ“, – განაცხადა ეუთოს დელეგაციის წევრმა ბარონესა კრისტინ ბლოუერმა.

ამავე განცხადებაში, დელეგაციამ სინანულით აღნიშნა მმართველი პარტიის წევრების მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები, რაც, მათი შეფასებით, სავარაუდოდ, გაამწვავებს განხეთქილებას და კიდევ უფრო მეტ იზოლაციას გამოიწვევს.

„დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ერთიანობა. პარტიების აკრძალვა ან ჩვეულებრივი პოლიტიკური თუ სამოქალაქო საქმიანობის აკრძალვა წინსვლის გზა არ არის,“ – განაცხადა დელეგაციის წევრმა ჯევროსიმა პეიოვიჩმა.

მისივე თქმით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებული შეშფოთება და მოუწოდა ხელისუფლებას, გამოესწორებინა ხარვეზები. „ანალოგიურად, პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს შესაბამის ინსტიტუტებში და ბოიკოტი ვერ იქნება დიალოგისა და პოლიტიკური აქტივობის ალტერნატივა” – თქვა მან.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აღნიშნავს, რომ „დელეგაციამ ხელისუფლებას სთხოვა შეხვედრა იმ პირებთან, რომლებსაც ოპოზიციური ძალები „პოლიტიკურ პატიმრებად” მოიხსენიებენ, და სინანული გამოთქვა, რომ ეს შესაძლებლობა ამჯერად არ მიეცათ.

„ვიზიტის პირველ დღეს წევრები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გაემგზავრნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ აღნიშნეს, რომ ოკუპაციის გაგრძელების ჰუმანიტარული შედეგები საერთაშორისო შეშფოთების საგანი რჩება” – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, ვიზიტი წარმოადგენს ასამბლეის საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის ნაწილს, რაც მოიცავს არჩევნების დაკვირვებასა და საპარლამენტო თანამშრომლობას. მისი შედეგები, სავარაუდოდ, განიხილება იქნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომასა და ყოველწლიურ სესიაზე ჰააგაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის დელეგაცია საქართველოს 8-10 მარტს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ:

  • პერე ჯოან პონსი (ესპანეთი) – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
  • ლუიშ გრასა (პორტუგალია) – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიის სპეციალური წარმომადგენელი
  • იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო) – პოლიტიკური საკითხების და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე
  • ბარონეს ქრისტინე ბლოუვერი (გაერთიანებული სამეფო) – დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე
  • რობერტო მონტელა – გენერალური მდივანი (OSCE PA)

მსგავსი სიახლეები