ირაკლი კობახიძე Bybit-ის ხელმძღვანელს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ბენ ჭოუს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავორბის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ფინტექ სექტორის განვითარების პერსპექტივები და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
კობახიძის განცხადებით, წამყვანი საერთაშორისო ფინტექ კომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული ინტერესი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მისი თქმით, საქართველო ფინანსური ინოვაციებისა და ციფრული აქტივების მომსახურების განვითარებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. აღინიშნა, რომ 2021-2025 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,3% შეადგინა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ასევე ფინანსური სერვისების სფეროს განვითარებას და მზად არის Bybit-თან აქტიური თანამშრომლობისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და Bybit Georgia-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი შოთა ლომთაძე.