მზადება საგანგებო დებატებისთვის - სტრასბურგში დღეს განსახილველი საკითხი სინდისის პატიმრები იქნება
საქართველოს ინტერესებს დღეს ევროპარლამენტში ქართული ოცნების ნაცვლად სომხეთის პრემიერი იცავდა. ნიკოლ ფაშინიანმა სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები სომხეთის ევროინტეგრაციის ერთ-ერთ შემაფრეხებელ ფაქტორად დაასახელა.
მაშინ, როცა ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის მიღწევებს ევროპელებს აცნობდა, ევროპარლამენტის დერეფნებში დეპუტატები საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტზე მუშაობდნენ. "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები რეჟიმის პირობებში" - ამ სათაურით, რამდენიმე საათში სტრასბურგის სესიაზე საგანგებო დებატები დაიწყება. საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიანე "ტვ პირველთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ევროდეპუტატები საქართველოს შესახებ ერთობლივ ტექსტზე შეჯერდნენ.
"საქართველო ევროპის დღის წესრიგში რჩება - ეს მთავარია" - ამბობს კიდევ ერთი ევროპარლამენტარი. ნაჩო სანჩეს ამორი, რომელიც ევრპარლამენტში სოციალ დემოკრატების ალიანსს წარმოადგენს, ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" ყველა ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის საწინააღმდეგოდაა გადადგმული.
საგანგებო დებატების შემდეგ ევროპელი პოლიტიკოსები ხვალ საგანგებო რეზოლუციას უყრიან კენჭს. ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ყველაზე დიდი პროევროპული ჯგუფების მომზადებულ ტექსტებში კი მთავარ მოწოდებად ვხვდებით ჩანაწერებს - უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და გაუქმდეს რეპრესიული კანონები.
დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში.