"ქართული ოცნების" დელეგაცია სტრასბურგში ჩავიდა - გიორგი ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი

11.03.26 20:36
"ქართული ოცნების" დელეგაცია სტრასბურგში ჩავიდა - გიორგი ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი

"ქართული ოცნების" დელეგაცია სტრასბურგში ჩავიდა. ივანიშვილის გუნდის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ "ევროსკოპთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რეზოლუცია, რომელსაც ხვალ ევროპარლამენტში მიიღებენ "მეცხრე სამარცხვინო რეზოლუციაა".

გიორგი ჩაკვეტაძე ირწმუნება, რომ "ოცნების" დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა ევროპის საბჭოში სხვადასხვა წარმომადგენელთან, თუმცა არ დააკონკრეტა ვის შეხვდნენ ისინი. 

ამასთან, მისივე მტკიცებით, შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ევროპარლამენტართან, რომლებიც "რომლებიც იზიარებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს, იზიარებენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იდგმება". 

ჩვენ უკვე მეორე დღეა, რაც სტრასბურგში ვიმყოფებით, ეს არის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, შეხვედრები გვქონდა ევროპის საბჭოში სხვადასხვა წარმომადგენელთან, მათ შორის გენერალური მდივნის წარმომადგენელთან, ასევე, ევროპარლამენტში გვქონდა რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრებთან, იმ ევროპარლამენტარებთან, რომლებიც იზიარებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს, იზიარებენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იდგმება. ეს არის ორმხრივი ურთიერთობები, რის დამყარებასაც ვცდილობთ და ვაგრძელებთ. ასე რომ დაგეგმილი გვაქვს კიდევ არაერთი შეხვედრა, მათ შორის ხვალაც. საინტერესო იქნება, რომ ამ სიახლეებს მიადევნოთ თვალყური. 

ეს ისეთი კითხვაა, რაც ისედაც კონსტიტუციაში წერია, პასუხი აქ არის, რა თქმა უნდა, კი [საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი], ოღონდ ღირსებით და ყველა იმ წინ გადადგმული ნაბიჯით, რომელიც ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და თითოეული ეს შეხვედრა, მათ შორის ევროპის საბჭოში, მათ შორის ცალკეულ ევროპარლამენტარებთან ემსახურება, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ თითოეულ მათგანს - რა რეფორმები ტარდება, რა გამოწვევებია რეგიონში, რა რისკები გვაქვს, როგორ არასამართლიანად იქცევა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული ბიუროკრატია. 

როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი, კონკრეტული ევრო ბიუროკრატი გთხოვს, რომ ორმხრივი სანქცია დაუწესო რუსეთს ფედერაციას, ეს არის მათ შორის არასამართლიანი დამოკიდებულება, ეს არის, რომ როგორც ჩანს არ გახსოვთ 2008 წლის ომი. 

ხვალ რასაც მიიღებენ არის მეცხრე სამარცხვინო რეზოლუცია," - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ "ევროსკოპთან".