საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის პროექტი ცნობილია

12.03.26 00:30
საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის პროექტი ცნობილია

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის პროექტი ცნობილია - "ევროპარლამენტი გმობს ელენე ხოშტარიასა და სხვების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას და „ქართული ოცნების რეჟიმის მიერ ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ დევნას". 

მოითხოვს "პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, აგრეთვე მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ „სარწმუნო ცნობების დამოუკიდებელ გამოძიებას“.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს შემზღუდველი კანონები და ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა „შეუთავსებელია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან“.

„ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და დემოკრატიული, ევროპული მომავლისადმი მათი ერთგულების მიმართ; მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, აგრეთვე ევროკავშირის მასშტაბით სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და მათი ხელშემწყობების მიმართ“, - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში. 

ევროპარლამენტი „დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს“.

ასევე, ევროპარლამენტი „დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სანდო ცნობების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს“.

რეზოლუციის პროექტი „მკაცრად გმობს ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური აქტივობის, სამოქალაქო პროტესტისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის შემზღუდველი კანონმდებლობის განგრძობად მიღებას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს ეს შემზღუდველი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური რეპრესიების მიზნით გამოყენება და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა და სათანადო სასამართლო პროცესი“.

ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, დევნასა და ძალადობაზე“.