ევროკომისარი "ოცნებას": მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს არ აქვს ქმედითი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის
მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ქმედითი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის, როგორც მთავრობა იბრალებს, არც არასდროს - ასე მიმართა ევროკომისარმა ვოპკე ჰუკსტრამ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან "ქართულ ოცნებას".
მან პირდაპირ თქვა, რომ ივანიშვილის გუნდს ქვეყანა გამიზნულად მიჰყავს ავტოკრატიისკენ და არღვევს ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს. ისაუბრა პოლიტიკური ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებებზე, იმ წამებაზე, რომელსაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჰქონდა ადგილი და განაცხადა, რომ მოძალადე სამართალდამცველები უნდა დაისაჯონ.
ევროკავშირი მზად რჩება, პასუხი აგებინოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ პირებს - განაცხადა ევროკომისარმა.
საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა გამიზნულად მიჰყავს ავტოკრატიისკენ და არღვევს ძირითად დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს. ბოლო პერიოდში მიღებული კანონები, რომლებიც ზღუდავს უცხოურ დაფინანსებას, პოლიტიკურ აქტივიზმს, დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან ერთად, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ჩემი მესიჯია საქართველოს მთავრობისადმი: მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ქმედითი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის, როგორც მთავრობა იბრალებს, არც არასდროს. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სისტემატური თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ამ უფლებების მკაცრი, გაუმართლებელი და თვითნებური შეზღუდვა. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში თვითნებურად დააკავეს, ვისაც სასტიკად ეპყრობოდნენ ან დააპატიმრეს, მათ შორის ელენე ხოშტარიას. ევროკავშირი გმობს ამ პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი.
წამება და არასათანადო მოპყრობა აბსოლუტურად აკრძალულია საერთაშორისო სამართლით, ხოლო სამართალდამცავთა მხრიდან დარღვევებზე დაუსჯელობა უნდა დასრულდეს. ოპოზიციის ლიდერები შეეჩეხნენ ძალადობას, დაპატიმრებებს, ასევე მოსალოდნელია მათი კონსტიტუციური აკრძალვა. ასეთი რეპრესიული ტაქტიკა მოგვაგონებს იმ მეთოდებს, რომლებსაც ავტორიტარული ქვეყნები იყენებენ განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად. და ბოლოს, ევროკავშირი კვლავ ერთგული რჩება მიზნისა, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის მძიმე უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. გასულ კვირას მივიღეთ გადაწყვეტილება და შეჩერდა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის. ეს არის პასუხი საქართველოს მხრიდან იმ ვალდებულებების განზრახ და მუდმივ დარღვევაზე, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღებისას აიღო დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.