ჯარის ძარცვის საქმე - ვის დაადო ხელი ვლადიმერ ღუდუშაურმა (ჩვენება სასამართლოში)
ჯარის ძარცვის საქმეზე სასამართლოში ჩვენებას შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური აძლევს. ღუდუშაური, რომელიც ამავე საქმეზე ბრალდებულია და 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, ამბობს, რომ საიდუმლო შესყიდვის განხორციელებაზე ბრძანება პირდაპირ ყოფილი მინისტრისგან, ჯუანშერ ბურჭულაძისგან მიიღო.
მან სასამართლოს უთხრა, რომ სწორედ ჯუანშერ ბურჭულაძემ სთხოვა ბიზნესმენ ზურა ტუკვაძესთან დაკავშირება.
ღუდუშაურმა ასევე თქვა, რომ აღნიშნული შესყიდვის შესახებ (საუბარია გორის ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენაზე) საქმის კურსში ჩააყენა მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავაც.
სასამართლოში, პროკურატურის ოქროს მოწმის სტატუსით მიყვანილი ვლადიმერ ღუდუშაური ამტკკიცებდა, რომ გამოცდილება სამედიცინო ინვენტარის შესყიდვასთან დაკავშირებით არ ჰქონია - "ვერ მივხვდებოდი, რომ მათ მიერ დასახელებული ფასები, ბაზრის ფასს აღემატებოდა".
ამის შემდეგ გორის ჰოსპიტლისგან მოვიდა შესასყიდი ტექნიკის სია, მინისტრის სახელზე, მაგრამ ტექნიკას თან არ ახლდა მახასიათებლები და მოვითხოვე ტექნიკური მახასიათებლების წარმოდგენაც. შემდეგ ჩემს სახელზე გამოაგზავნეს ნაწილი ტექნიკის ტექნიკური მახასიათებლები, რის შემდეგაც დავავალე ირაკლი მგალობლიშვილს, რომ შესყიდვები დაეწყოთ და ბაზრის კვლევა და გადავეცი ორი კომპანიის რეკვიზიტები. არცერთმა ჩემმა თანამშრომელმა არ იცოდა ჩემი და მინისტრის შეხვედრის შესახებ. ფასის კვლევა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო. შემდეგ, შეიკრიბა სატენდერო კომისია და დაამტკიცა ეს კომპანია გამარჯვებულად, რის შემდეგაც გაფორმდა ხელშეკრულება. ამ კომპანიის გადამოწმება არ მომხდარა, რადგან მინისტრის დავალება იყო.
პირველი ხელშეკრულების შემდეგ გორის ჰოსპიტალმა სხვა დანარჩენი სამედიცინო ინვენტარის მახასიათებლები წარადგინა. ამ დროს ზურაბ ტუკვაძემ მომცა კიდევ ერთი კომპანიის რეკვიზიტები. შესაბამისად, ეს კომპანია შემდეგ შესყიდვებში მონაწილეობდა. ვინაიდან ვრცელი სია იყო, გამარჯვებულად სამი კომპანია გამოცხადდა.
მე გამოცდილება სამედიცინო ინვენტარის შესყიდვასთან დაკავშირებით არ მქონია, ვერ მივხვდებოდი, რომ მათ მიერ დასახელებული ფასები, ბაზრის ფასს აღემატებოდა, მაგრამ ვინაიდან მინისტრისგან მოდიოდა დავალება, კითხვები აღარ დამისვამს. ასე, რომ არ ყოფილიყო მოვიკვლევდით ყველა კომპანიას და ვიმოქმედებდით ისე, რომ უდაბლესი ფასი მიგვეღო", - განაცხადა ღუდუშაურმა.
ღუდუშაურს პროკურომა ანი ლეკიაშვილმა კითვა დაუსვა ბრალდებულ ვასილ მხეიძეზეც, რაზეც შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა თქვა, რომ მას როგორც ბურჭულაძის ნათესავს ისე იცნობს.
ღუდუშაურის დღეს ჩადენილი სხდომათა დარბაზში აღიარა და მოინანია.
ვასილ მხეიძეს ვიცნობ როგორც მინისტრის ნათესავს. მასთან საქმიანი ურთიერთობა ან მეგობრული არ მქონია. არ ვიცოდი რომ მხეიძეს (შესყიდვიდან) 10 % მიჰქონდა მინისტრთან.
ვიზიარებ გარემოებებს, რომ აღნიშნული ქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები ჩემს დავალებას ასრულებდნენ.
ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული.
ვინაიდან თავდაცვის სამინისტროში, კომისია არ იკრიბებოდა და ეს მავნე პრაქტიკა იყო, შეუძლებელი იყო, რომ კრიტიკული აზრი დაფიქსირებულიყო.
რაც შეეხება დიდ შესყიდვებს, ეს წინასწარ შეთანხმებული და გადაწყვეტილი იყო, ძირითად შემთხვევაში, მინისტრის მიერ.
ვფიქრობ, რომ ბაზარზე არსებობს სხვა კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი სამედიცინო ინვენტარის დამზადება",- განაცხადა ვლადიმერ ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.