„სტუდია მონიტორი“: კრეტაზე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გარდაბნელი კაცი ირანში სწავლობდა
ირანის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე, 35 წლის სამირ გ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია - ინფორმაციას ამის შესახებ „სტუდია მონიტორი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბრალდებული მარნეულის ერთ-ერთ შიიტურ მედრესეში სწავლობდა. მოგვიანებით, ორი წლის განმავლობაში, რელიგიური განათლება ირანის ქალაქ ყუმში გაიღრმავა.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რამდენიმე წლის წინ, 35 წლის სამირ გ-ს ირანის მოქალაქესთან ერთად საქართველოში ბიზნესიც ჰქონდა - გარდაბანსა და თბილისში ირანიდან შემოტანილ მარილს ყიდდა.
"მან ოჯახთან ერთად ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნაც მოასწრო, მაგრამ ბელგიაში დამკვიდრების მცდელობა, ოთხსულიანი ოჯახის დეპორტაციით დასრულდა“, - წერს „სტუდია მონიტორი“.
გამომძიებელი ჟურნალისტების სტუდია სამირ გ.-ს დედას ესაუბრა. ქალი ამბობს, რომ მისი ვაჟი „ჯაშუში არ არის“.