ფაშინიანის თქმით, ევროპარლამენტში საქართველოზე საუბარი ქართულ მხარეს არ უთხოვია
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მას საქართველოს მხრიდან არავითარი თხოვნა და მოწოდება არ მიუღია, ევროპარლამენტში მის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
ერევანში მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინგზე ფაშინიანს ჰკითხეს, იყო თუ არა ქართული მხრიდან თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა?
რაზეც მან უპასუხა, რომ “ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა“.
„თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომელზედაც ვმუშაობთ. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ჩემი წუხილი გამოვთქვი, რადგან, ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით. ეს გვაშფოთებს“, - თქვა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, გუშინ სომხეთის პრემიერმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, საქართველო მათთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა.
გულწრფელად გეტყვით, რომ სომხეთის ევროინტეგრაციის პროცესში ამ მომენტისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ გაყინულია ევროკავშირის და საქართველოს პოლიტიკური დიალოგი. საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ დავიწყეთ ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს სომხეთისთვისაც და საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.