ევროკომისიიდან "ოცნება" ყულევის პორტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააფრთხილეს

12.03.26 18:23
ევროკომისიიდან "ოცნება" ყულევის პორტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააფრთხილეს

ევროკომისიაში ამბობენ, რომ საქართველოში მდებარე ყულევის პორტის მონიტორინგს აგრძელებენ სპეციალურ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ დღეს კიდევ ერთხელ განამრტეს, რატომ ამოიღეს სანქციების მე-20 პაკეტიდან ყულევი.  

როგორც ევროკომისიის სპიკერმა, შავან მაკგერიმ განაცხადა, მაკა ბოჭორიშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ პორტი არ მოემსახურება რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს. პარალელურად, კი დამატებითი დაპირებები მიიღეს SOCAR-ისგან, რომ არ მოემსახურებიან რუსულ გემებს. [SOCAR სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი აზერბაიჯანული კომპანია, რომელიც პორტით ოპერირებს].

"არ მოვერიდებით ზომების მიღებას ნებისმიერი იმ აქტორის წინააღმდეგ, რომელიც აქტიურად შეეცდება ჩვენი სანქციების ეფექტიანობის შესუსტებას"- თქვა შავან მაკგერიმ.

ქართული ყულევის პორტის სანქციების სიაში ჩასმის გადაწყვეტილება განვიხილეთ, ჩრდილოვანი ფლოტის გემებთან ურთიერთობისა და შეშფოთების გამო, რომ ეს შეიძლება გამოიყენებოდეს რუსული ნავთობის რე-ექსპორტისთვის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დასარღვევად. ევროკავშირის სანქციების წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღო დაპირება ვალდებულებების შესრულების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ არც ერთი ჩრდილოვანი ფლოტის გემი ამ პორტში ამიერიდან დაშვებული არ იქნება.  დამატებითი გარანტიები მიღებულია აზერბაიჯანული "სოკარისგანაც", რომელიც ყულევის პორტის ოპერატორია. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავაც ყურადღებით დავაკვირდებით ამ ვალდებულებების შესრულებას და არ მოვერიდებით ზომების მიღებას ნებისმიერი იმ აქტორის წინააღმდეგ, რომელიც აქტიურად შეეცდება ჩვენი სანქციების ეფექტიანობის შესუსტებას"- აცხადებს სპიკერი. 

ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა 605 ტანკერი, მათ შორის, სანქციების მე-20 პაკეტში დამატებით 40-მდე ხომალდის შეყვანა იგეგმება.

2 დღის წინ, მედიაში გავრცელდა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, დევიდ ო’სალივანის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისთვის გამოგზავნილ წერილის შინაარსი. 

წერილში ნათქვამია, რომ საქართველოში მდებარე ყულევის პორტის ჩართვა თავდაპირველად განიხილებოდა სანქციების მე-20 პაკეტში, "რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და პორტში "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერების შესვლის გამო". თუმცა, ეს გადაწყვეტილება გადაიხედა მას შემდეგ, რაც "ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს".

მსგავსი სიახლეები