აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება, კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს სამარლებრივი რეაგირება მოჰყვება - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას განცხადებით ეხმიანება. შსს მოუწოდებს პროტესტის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებრივო წესრიგის დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე სამართალდამცველებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, დედაქალაქში მობილიზებული იქნებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება - აღნიშნული შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის, განმარტებით, აქციის ფარგლებში და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ოპოზიცია საჯარო დაწესებულებების პიკეტირებასა და გზის გადაკეტვას გეგმავს.