მაკა ჩიხლაძე: კობახიძეს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაზე პასუხი არ აქვს

15.03.26 13:16
მაკა ჩიხლაძე: კობახიძეს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაზე პასუხი არ აქვს

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე "ოცნების" ხელისუფლებას რეალური პასუხი არ აქვს, - ამის შესახებ „შაბათის ეთერის“ გამომძიებელმა ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ჟურნალისტებმა კონკრეტული თავდამსხმელების იდენტიფიცირებაც შეძლეს, "ოცნებამ" ამ დრომდე არ გასცა პასუხი, რატომ არ გამოიძია აღნიშნული საქმეები.

მას (კობახიძეს) საპასუხო არაფერი აქვს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნაზე. მე როდესაც დამკითხეს ეუთოს ექსპერტებმა, მე მქონდა საპასუხო, იმიტომ, რომ მე მოვყევი რეალური ამბავი როგორ გაგვისწორდნენ თბილისის ცენტრში და როგორ არავინ გამოიძია მერე ეს ამბავი. ირაკლი კობახიძემ უნდა უპასუხოს, რატომ არ გამოიძია ეს საქმე თუ მას და მის ხელისუფლებას არ ჰქონდა ჩართულობა, ორგანიზებაში არ იყვნენ ჩართულები და წახალისებულები არ იყვნენ მათი მხრიდან, ეს, მაგრამ ამის გაკეთება ხომ არ შეუძლიათ? ჩვენ კი შევძელით, რომ 4 ადამიანის იდენტიფიცირება მოვახდინეთ, მაგალითად, ჩემს კონკრეტულ საქმეზე, სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვა და მათ ვერ შეძლეს? ანუ გამოძიება არ არსებობს ამ ქვეყანაში და ძალოვანი უწყებები ვერ მუშაობენ? ამის დაჯერება ხომ ძალიან რთულია. ახლა, საქართველოში ვეღარ აჯერებენ ამას ვერავის და ეუთოს ექსპერტებს უნდათ, ეს დააჯერონ?, - ამბობს მაკა ჩიხლაძე. 

ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.