ხოკრიშვილი: ევროკავშირში საქართველოს საკითხის განხილვას შესაძლოა „ოცნების“ წარმომადგენლებისთვის პერსონალური სანქციები მოჰყვეს
ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვის ფონზე, დიპლომატი ელგუჯა ხოკრიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციასა და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვეს, მათ შორის — პერსონალური სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც წამებისა და ძალადობის ფაქტებში არიან მოხსენიებული.
ის პროცესები, რაც რამდნეიმე კვირის წინ დაიწყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, შემდეგ უკვე ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში და საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ, ეს ერთ იმაში უნდა დავინახოთ და ამას მოჰყვება კიდევ, შემდეგი თვეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გარდა იმისა, რომ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები გერანია-საფრანგეთი დღეს მოწინავე ქვეყნები არიან ევროკავშირში, შეგვიძლია ველოდოთ, რომ თვის ბოლოს, როდესაც იქნება პირველი პირების შეხვედრა უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ "ოცნების" მიმართ. პერსონალური სანქციების კუთხით, აქ უკვე რეკომენდაციები იმას ნიშნავს, რომ ეს სამართლებრივი პოლიტიკური ჩარჩო უკვე საშუალებას იძლევა თუნდაც ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე სანქციების დაწესება, გავრცელება და ა.შ. ანუ ძალიან ბევრი საშუალება არსებობს, რომ ვინც პირადად იყო ჩართული აი, ამ წამების განხორციელების ფაქტებში, მათ მიმართ ვიხილოთ პერსონალური სანქციები, - ამბობს ელგუჯა ხოკრიშვილი.
ბრიუსელში ამ წუთებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც მოხვდა.
ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების შესახებ მოხსენება საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს.
ევროკავშირის პირველი დიპლომატების დღის წესრიგში საქართველოს საკითხი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ეუთოს სპეციალურმა მომხსენებელმა მძიმე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ქართველი მოქალაქეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
ანგარიშში ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ აღნიშნული საქმეების გამოსაძიებლად მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს.