კობახიძე არ პასუხობს კითხვას, რომელი პუნქტების შესრულებას აპირებს "ოცნება" ეუთოს რეკომენდაციებიდან

16.03.26 11:40
კობახიძე არ პასუხობს კითხვას, რომელი პუნქტების შესრულებას აპირებს "ოცნება" ეუთოს რეკომენდაციებიდან

 

 

რომელი პუნქტების შესრულებას აპირებენ ეუთოს რეკომენდაციებიდან? ამ კითხვით "პირველებმა" ირაკლი კობახიძეს და მაკა ბოჭორიშვილს მიმართა. მედიას აინტერესებდა, აპირებს თუ არა "ოცნების" ხელისუფლება იმ ძალოვანების დასჯას, რომლებიც, ეუთოს დაკსვნის მიხედვით, მომიტინგეებს  უსწორდებოდნენ. 

აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა არც კობახიძემ და არც ბოჭორიშვილმა ისურვა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეუთის მოსკოვის მექანიზმის დასკვნა არ მოსწონს, თუმცა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული დასკვნიდან კონკრეტული რეკომენდაციები შეასრულონ. 

ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.