ბოჭორიშვილისთვის ეუთოს დასკვნა "არასერიოზულია"

16.03.26 13:25
ბოჭორიშვილისთვის ეუთოს დასკვნა "არასერიოზულია"

 

 

"ოცნების“ მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს "ტენდენციურად" აფასებს და "არასერიოზულს" უწოდებს. ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ დოკუმენტი არ ეფუძნება ობიექტურ ანალიზს. მისი თქმით, ექსპერტს ორივე მხარის პოზიცია უნდა გაეთვალისწინებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეტანა დასკვნები. 

ობიექტურად უნდა შეაფასო, იმასაც ითვალისწინებს, რომ უნდა იყო ნეიტრალური ექსპერტი, იმასაც ითვალისწინებს, რომ რასაც მოისმენ, ის ყველაფერი უნდა გაანალიზო და შესაბამისად ასახო. შეგიძლიათ, გაეცნოთ ქართული მხარის მიერ წარდგენილ მასალებს, შეგიძლიათ გაეცნოთ იმ შეხვედრებს, რომელ შეხვედრებზედაც ქალბატონი ექსპერტი იმყოფებოდა, შეგიძლიათ, დეტალურად მოისმინოთ ყველა ის ინფორმაცია, რას მას მიეწოდა და მერე თქვენ შეხედოთ დასკვნასა და მიწოდებულ ინფორმაციას შორის საერთოდ სად არის რამე საერთო. როცა ორ მხარეს უსმენ, უნდა გააკეთო ანალიზი.

თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რეკომენდაციები შეიძლება სერიოზულად იყოს აღქმული? მაშინ, როდესაც დასკვნა არის სრულიად ტენდენციური, არაფერი საერთო არ აქვს იმ პრინციპებთან, რა პრინციპებზეც დგას ეუთო და საერთდო ეს მექანიზმი და თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთ რეკომენდაციებს სერიოზულად შეიძლება შევხედოთ?, - ამბობს ბოჭორიშვილი. 

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.