პაპუაშვილი ეუთოს დოკუმენტს "ცილისმწამებლურს და ჭორებზე დაფუძნებულს" უწოდებს

16.03.26 13:38
პაპუაშვილი ეუთოს დოკუმენტს "ცილისმწამებლურს და ჭორებზე დაფუძნებულს" უწოდებს

შალვა პაპუაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს მწვავედ აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ დოკუმენტი „ცილისწამებასა და ჭორებზეა დაფუძნებული“. მისი თქმით, რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოსგან კანონების გაუქმებასა და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, უსაფუძვლოა და "ოცნების" ხელისუფლება მოქმედებას მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში აპირებს. 

აი, ახლა მითხარით, როგორ მივიღოთ სერიოზულად, როცა უკრაინის ხელისუფლება, როცა ზელენსკი და სანდუ, ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ გვეუბნებიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი? არის, რა თქმა უნდა, ისეთი საკითხები, რაც თავისთავადია და არავისი და მითუმეტეს, პოლონეთის ხელისუფლების შეხსენება ჩვენ არ გვჭირდება. მაგალითად, რეკომენდაცია არის, რომ მომდევნო არჩევნებში მოწვეული იყოს ეუთოს სადამკვირვებლო მისია. კი, ბატონო, რა თქმა უნდა, მოწვეული იყოს ეუთოს სადამკვირვებლო მისია, მაგრამ იქ, რაც მთავარია, რისთვისაც შეკერეს ეს საქმე საქართველოს წინააღმდეგ, რომ კანონები უნდა გააუქმო, სარჩელი გამოიწვია, რომ გამოუშვა პატიმრები და სია რატომ არ არის? ალეკო ელისაშვილი უნდა გათავისუფლდეს? ანუ ამ სიაშია ტერორისტი?

ფაქტი არის ერთი რამ: მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება. თავადვე აღიარებს, რომ არის ჭორებზე დაფუძნებული, თავად დოკუმენტში ამბობს, რომ არის მონათხრობი. ფაქტობრივად, სადამსჯელო დოკუმენტი შეადგინეს. რატომ? რომ ჰქონდეს საინფორმაციო ხმაური, რაღაც თითქოს სასაართლო, რაღაც მოწოდება, აბსოლუტური სისულელეებით გაჯერებული დოკუმენტი, რომელიც ყოველგვარ მტკიცებულებებს არის მოწყვეტილი. ჩვენ ვაპირებთ მივყვეთ საქართველოს კონსტიტუციას, ქართულ კანონმდებლობას. რაც შეეხება საერთაშრისო სასამართლოს, საერთაშორისო სასამართლოში ვინმეს თუ უნდა წასვლა, ვინმე თუ ფიქრობს ასეთ რაღაცეებზე, იცოდეს, რომ დამარცხდება ყველგან, - ამბობს პაპუაშვილი. 

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.