მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ვთხოვე დალოდებოდნენ „ოცნების“ პასუხს - აგერ, პასუხიც - ჯაფარიძე
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება - საუბარია "ქართული ოცნების" ლიდერის კომენტარზე, სადაც ის „ლელოს“ მიერ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით შეთავაზებას უარით პასუხობს.
ზურა ჯაფარიძის შეფასებით, "როდესაც რუსული ტიპის რეჟიმს უკეთებ ასეთ შეთავაზებას, ასეთი დამამცირებელი პასუხი არის ბუნებრივი და ერთადერთი".
„როდესაც რუსული ტიპის რეჟიმს უკეთებ ასეთ შეთავაზებას, ასეთი დამამცირებელი პასუხი არის ბუნებრივი და ერთადერთი. შეუძლებელია ეს იყოს რაიმე პოზიტივის მომტანი საერთო ბრძოლისთვის ან თავად „ლელოსთვის“. მიუხედავად ასეთი პასუხისა, როდესაც მსგავს პოლიტიკურ ნაბიჯს დგამ მეორედ, მესამედ, ეს ადამიანებში აჩენს ეჭვს, რომ „ოცნების“ დე- ფაქტო მმართველობის მე-14 წელსაც არ გაქვს ბოლომდე გააზრებული რა ტიპის რეჟიმს ებრძვი და ყოველ ჯერზე, რატომღაც რეჟიმისგან ელი განსხვავებულ პასუხს.
გუშინ რუსთაველზე ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ ეს განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში. ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს. აგერ პასუხიც“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ლელო ძლიერი საქართველოს ბრიფინგზე გუშინ განაცხადეს, რომ აუციელებელია, დაიწყოს მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.
პარტიის ენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციიდან ვერ გამოვა პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანი გადატვირთვის გარეშე.
„ლელოს“ განცხადებას პაპუაშვილმა დღეს უპასუხა და თქვა, რომ „ლელოს“ „ქართულ ოცნებასთან“ და „ქართულ ოცნებას“ „ლელოსთან“ სალაპარაკო არ აქვს.