მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ დარბევების დროს "პროპორციული" ძალა გამოიყენეს, "შესაძლო გადაცდომებს" კი პროკურატურა სწავლობს
შს მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ გასულ წელს, დარბევების დროს "პროპორციული" ძალა გამოიყენეს. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო და სამართალდამცველებს შესაბამისი რეაგირების როგორც უფლება, ისე ვალდებულება ჰქონდათ, ხოლო შესაძლო გადაცდომების ფაქტებს უკვე გენერალური პროკურატურა იძიებს.
ვერავინ იტყვის, რომ ეს აქცია იყო მშვიდობიანი აქცია. თავად მოსკოვის მექანიზმის წარმოამდგენლები, როლებიც იმყოფებოდნენ შსს-ში, მათ წარვუდგინეთ ჩვენ იმ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ ეს აქცია იყო ძალადობრივი ხასიათის. პოლიციამ გამოიყენა პოლიციის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროპორციული ძალა და სპეცსაშუალებები, რისი გამოყენების სრული ლეგიტიმური არათუ უფლება, არამედ სრული ვალდებულება ჰქონდა მას. რაც შეეხება კონკრეტულ შემტხვევაში თანამშრომელთა მხრიდან თუკი ჰქონდა ადგილი გადაცდომებს, ამის გამოძიების უფლება შსს-ს არ აქვს. ამ საკითხზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს გენერალური პროკურატურა და მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, - ამბობს დარახველიძე.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.