დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო და მოსკოვის მექანიზმი მოიტანს სწორ შედეგებს - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

16.03.26 15:47
დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო და მოსკოვის მექანიზმი მოიტანს სწორ შედეგებს - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

 

 

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები და სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეზღუდვასთან დაკავშირებული კანონი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მისი თქმით, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მიმდინარე პროცესმა მნიშვნელოვანი შედეგები უნდა მოიტანოს, თუმცა ევროკავშირი და საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მიმართ სიფხიზლე უნდა შეინარჩუნონ.

ფინეთი იყო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა და არა მხოლოდ ვაკვირდებოდი სიტუაციას, არამედ ვიმყოფებოდი საქართველოში ძლიერი სოლიდარობის გამოსახატავად ქართველი ხალხის მიმართ, რომლებსაც უწევთ ცხოვრება რეპრესიების პირობებში. ბოლო დროს მიღებული კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებას და ხალხის თავისუფლებას, არასწორი მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო და მოსკოვის მექანიზმი მოიტანს სწორ შედეგებს, მაგრამ როგორც ევროკავშირი ჩვენც უნდა ვიყოთ ფხიზლად, - განაცხადა ვალტონენმა. 

ბრიუსელში ამ წუთებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც მოხვდა.

ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების შესახებ მოხსენება საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს.

ევროკავშირის პირველი დიპლომატების დღის წესრიგში საქართველოს საკითხი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ეუთოს სპეციალურმა მომხსენებელმა მძიმე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ქართველი მოქალაქეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

ანგარიშში ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ აღნიშნული საქმეების გამოსაძიებლად მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს.