პირველი ოფიციალური პასუხი: "ქართული ოცნება" ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს

16.03.26 17:18
პირველი ოფიციალური პასუხი: "ქართული ოცნება" ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს

"ქართული ოცნება“ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების  გათვალისწინებას არ აპირებს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს, 16 მარტს გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

კობახიძის შეფასებით, "ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი". "ქართული ოცნების" ლიდერი მის პირველ ოფიციალურ პასუხში ამბობს, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატორ ქვეყნებს დემოკრატიას იქით ასწავლიან.

  •  "საქართველოს შეუძლია ეუთოს ბევრ ქვეყანას, მათ შორის, მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, შემწყნარებლობა, შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, მედიის პლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი, დემოკრატიული არჩევნები და ბევრი სხვა რამ" - ასეთია  ირაკლი კობახიძის პირველი, ოფიციალური პასუხი კრიტიკულ ანგარიშზე. 

"ქართული ოცნების" ლიდერის მტკიცებითვე, "გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა". 

მთლიანობაში, 2024 და 2025 წლის არჩევნების დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება ვერც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმა შეძლო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე მტკიცებით, ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც კობახიძის თქმით, "პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა". 

"ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი და შესაბამისად, ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ობიექტურ ანალიზს ვერ ასახავს"-  დასძინა კობახიძემ.

დოკუმენტი შედგენილია იმ მანკიერი ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის შექმნა დაეფუძნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი და შესაბამისად, ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ობიექტურ ანალიზს ვერ ასახავს. ავტორი თავადვე აღნიშნავს, რომ დროის სიმწირის გამო, დოკუმენტი მოკლებულია სიღრმისეულობას. ეს არის ანგარიშის, ალბათ, ერთადერთი ზოგადი დასკვნა, რომელსაც სრულად შეგვიძლია დავეთანხმოთ. სამწუხაროდ, ანგარიშის ავტორმა ისიც კი ვერ გაარკვია, ჩვენს ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ ეწოდება თუ „საქართველო““, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე ეუთოს ანგარიშის ავტორს "მიკერძოებულს" უწოდებს და ამტკიცებს: "ის,  უარყოფს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი და მოითხოვს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერი მარტივად, შესაბამისი პირის შეხედულების მიხედვით შეიცვალოს, ასეთ მიდგომებს ქართული საზოგადოებისთვის დიდი ფასი რომ ვერ ექნება, ალბათ, სადავო არავისთვის უნდა იყოს". 

"ქართული ოცნების" ლიდერის შეფასებით, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული  ანგარიშის ავტორი ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას ან სულ მცირე, არსებითად გადახედვას.

"სამწუხაროდ, მან სრულად უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული"- ამბობს კობახიძე. 

ირკვევა ისიც, რომ "ქართული ოცნება" კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნაზე უარის თქმას არ აპირებს. 

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი  წუხს იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეიტანეს სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით და საქართველოს პროკურატურაში რამდენიმე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ განხორციელებულ სავარაუდო საბოტაჟთან დაკავშირებით - ანგარიშის ავტორს ავიწყდება, რომ სამართლის უზენაესობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი შეზღუდვა ვერცერთი უცხოელი ექსპერტის საქმე ვერ იქნება"- აღნიშნა მან. 

მსგავსი სიახლეები