პასუხი ბიზნესს: პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბიზნესსექტორთან კონსულტაციების გარეშე არ იქნება მიღებული
პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ბიზნესსექტორთან კონსულტაციების გარეშე არ იქნება მიღებული - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხდადა.
"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მზად არის, განიხილოს როგორც რეგულაციის გადავადება, ისე მისი შეცვლა.
"ამ თემაზე მუშაობდა და მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩვენ გვქონდა შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და მე, პირადადაც მქონდა ეს კომუნიკაცია და პირადად დავპირდი სექტორის წარმომადგენლებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ვიდრე არ გავივლით საბოლოო კონსულტაციებს სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ, რა თქმა უნდა გვაწუხებს ამ საკითხის ყველა ასპექტი. ერთ მხარეს არის გარემოსდაცვითი ინტერესები და მეორეა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის ინტერესები. პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება.
თუმცა ამასთან, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტი, ბიზნესის ინტერესი. ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება. ახლა არის მიღებული მხოლოდ შუალედური გადაწყვეტილება და ველოდებით სექტორთან კონსულტაციებს, რომლებიც აუცილებლად გაიმართება, დრო ბევრია. გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი გადაწყვეტილების ამოქმედება დაგეგმილია 2027 წლის 1 თებერვლიდან. ამ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გვექნება კონსულტაციები, შეიძლება გადავავადოთ, შეიძლება შევცვალოთ, აბსოლუტურად ღია ვართ. ჩვენ არ გვინდა დავაზარალოთ ბიზნესის ინტერესები. არც კონკრეტული პროდუქციის გაძვირება გვინდა. შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც ერთნაირად დაიცავს ბიზნესის და ადამიანის ჯანმრთელობის ინტერესებს", - განაცხადა კობახიძემ.
2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება.