სანქცირებული ბელარუსი მაღალჩინოსანი თბილისშია - იური შულეიკოს კობახიძემ ადმინისტრაციაში უმასპინძლა

16.03.26 20:43
სანქცირებული ბელარუსი მაღალჩინოსანი თბილისშია - იური შულეიკოს კობახიძემ ადმინისტრაციაში უმასპინძლა

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ბელარუსის ვიცე-პრემიერს ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. დღეს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გავიგეთ, რომ თბილისში ლუკაშენკოს რეჟიმის ერთ-ერთი გავლენიანი პირი იმყოფება. რელიზში კობახიძის პრესსამსახური წერს, რომ დახურულ კარს მიღმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, თუმცა ჩვენ დავინტერესდით კიდევ რა ითქვა ამ შეხვედრაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც "ქართულ ოცნებასაც" ჰააგის სასამართლოში გასამართლება ემუქრება, ისევე როგორც ეს ორი დღის წინ ლუკაშენკოს შემთხვევაში მოხდა.

ვინ არის კაცი, რომელიც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დაპატიჟა და ხელი ჩამოართვა? - ეს იური შულეიკოა, ლუკაშენკოს ნდობით აღჭურვილი პიროვნება, რომელიც სანქცირებულია ევროკავშირს, დიდი ბრიტანეთის, კანადის და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ. კაცი, რომელიც ამ წუთებშიც თბილისშია, შავ სიაში იმის გამო ჩასვეს, რომ პუტინის სისხლისმღვრელ ომს მხარს უჭერს და უფრო მეტიც - არსებობს არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ სწორედ შულეიკოა ის პიროვნება, რომელიც ომის დაწყებამდე, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდა. იმ პერიოდში შულეიკო ბრესტის ოლქის გუბერნატორი იყო. 

დასავლურ ქვეყნებში მიიჩნევენ, რომ სწორედ ასეთი ქმედებებით უწყობდა ხელს შულეიკო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. დასავლური სანქციების გამო მას გაყინული აქვს აქტივები, დაწესებული აქვს სამოგზაურო შეზღუდვა, გაშავებულია ბანკებშიც.  შლეიკომ ყველაზე კარგად იცის როგორ მუშაობს დასავლური სანქციები და რა ფასის გადახდა უწევთ მათ, ვინც დიქტატორული რეჟიმის ბრძანებების უპირობო შემსრულებელია. შულეიკოც ერთ-ერთია ვისაც ახლა პასუხების გაცემა ჰააგის სასამართლოში, ტრიბუნალზე მოუწევს.

დეტალები ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში