გიორგი ბუტიკაშვილი "მოსკოვის მექანიზმზე: ამ დოკუმენტმა დაადგინა "ოცნების" სისტემური დანაშაული ქვეყანაში

16.03.26 22:50
გიორგი ბუტიკაშვილი "მოსკოვის მექანიზმზე: ამ დოკუმენტმა დაადგინა "ოცნების" სისტემური დანაშაული ქვეყანაში

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის შეფასებით, ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში, კომისიის მიერ შემუშავებულმა დოკუმენტმა "დაადგინა "ოცნების" სისტემური დანაშაული ქვეყანაში". 

მისი თქმით, "მოსკოვის მექანიზმმა" ქართულ საზოგადოებას მისცა საშუალება დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციის დროს უფრო აქტიურები გახდნენ - "ჩვენ გვაქვს ბაზა იმისთვის, რომ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს მყარად ველაპარაკოთ და ვუთხრათ, რომ ეს ჩვენი პოზიცია კი არ იყო, ეს დადგინდა ასე და ეს დაადგინა დამოუკიდებელმა კომისიამ".

"მოსკოვის მექანიზმმა" ჩვენ მოგვცა საშუალება, რომ უფრო აქტიურები გავხდეთ საგარეო ველზე ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციის დროს. თუ აქამდე ჩვენი კომუნიკაციის სალაპარაკო ენა იყო ის, რომ ჩვენ ვუყვებოდით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აღვწერდით მდგომარეობას, რას აკეთებდა "ქართული ოცნება" და ეს იყო ჩვენი პოზიცია, "მოსკოვის მექანიზმის" საგამოძიებო ფაქტების დამდგენმა კომისიამ შეცვალა სიტუაცია, ანუ კომისიის მიერ დადგენილმა ფაქტებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ერთ ენაზე ვილაპარაკოთ. 

ეს დოკუმენტი არის ძალა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ეძლევა ამ დოკუმენტს მნიშვნელობა განსაკუთრებით, რომ ამ დოკუმენტმა დაადგინა "ქართული ოცნების" სისტემური დანაშაული ქვეყანაში, რასაც ის ჩადის ბოლო 2 წლის მანძილზე და აღწერილი ფაქტები, რაც იქ არის მოთხრობილი და წარმოდგენილი, არის იმდენად შემზარავი დემოკრატიისთვის, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს მსგავსი დასკვნა აუცილებლად შეაშინებდა იმიტომ, რომ ამას მოჰყვება ის მექანიზმები და ის რეკომენდაციები, რაც იქ არის წარმოდგენილი, მათ შორის საერთაშორისო კრიმინალის გამოძიება, ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ასევე გამოძიება, სასანქციო პოლიტიკა, რომელიც თან ერთვის ამ დოკუმენტს. ანუ ჩვენ გვაქვს ბაზა იმისთვის, რომ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს მყარად ველაპარაკოთ და ვუთხრათ, რომ ეს ჩვენი პოზიცია კი არ იყო, ეს დადგინდა ასე და ეს დაადგინა დამოუკიდებელმა კომისიამ, რომ ქვეყანაში სისტემურად ირღვევა ადამიანის უფლებები," - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.