"უკან დახევა, რომელსაც ახლა საქართველოში ვაკვირდებით, მხოლოდ დასანანია" - გიუნტერ კრიხბაუმი
"საქართველოში აღარ არის გარანტირებული დემოკრატია, თავისუფლება, პრესის თავისუფლება, აზრის თავისუფლება" - ამის შესახებ გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, გიუნტერ კრიხბაუმმა ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია წინსვლა და ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობა.
გიუნტერ კრიხბაუმი აღნიშნავს, რომ უკან დახევა, რომელსაც საქართველოში აკვირდებიან "მხოლოდ დასანანია".
ერთი შენიშვნა საქართველოს შესახებაც. საქართველო, სამწუხაროდ, გაცილებით წინ იყო და ეს უკან დახევა, რომელსაც ახლა საქართველოში ვაკვირდებით, მხოლოდ დასანანია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის, რადგან ისინი ევროპასა და ევროკავშირს იმედით შესცქერიან. მაგრამ, როგორც კარგად მოგეხსენებათ, ბოლო პროგრესის ანგარიშში, რომელიც მარტა კოსმა წარადგინა, მან თქვა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და მეტი არაფერი სამწუხაროდ. ამრიგად, საქართველოს გადასაწყვეტია წინსვლა და ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობა. სწორედ ამ მიზნისთვის აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება. დემოკრატია, თავისუფლება, პრესის თავისუფლება, აზრის თავისუფლება და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი საქართველოში უკვე აღარ არის გარანტირებული," - განაცხადა გიუნტერ კრიხბაუმმა "ევროსკოპთან".