"თუ მათ [ოცნებას] სურთ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას, იციან ეს როგორ უნდა გააკეთონ" - ბენჟამინ ჰადადი

17.03.26 14:30
"თუ მათ [ოცნებას] სურთ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას, იციან ეს როგორ უნდა გააკეთონ" - ბენჟამინ ჰადადი

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრის, ბენჟამინ ჰადადის განცხადებით, "ქართული ოცნების" ქმედებების გამო, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება. 

  • ამის შესახებ მან ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

ბენჟამინ ჰადადი აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატია, თუმცა სტატუსი დე ფაქტო გაყინულია - "იქამდე არ წავა წინ, სანამ "ქართული ოცნება" გააგრძელებს რეპრესიებს ქართველი ხალხისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული და თავისუფალი მისწრაფებების წინააღმდეგ რეპრესიებს".

უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ მიიწევენ, სამწუხაროდ, დღეს, საქართველო მათ ჩამორჩება. საქართველო უკანაა, სწორედ "ქართული ოცნების" ქმედებების გამო, იმ რეპრესიების გამო, რომელიც ქუჩებში ვნახეთ, იმ არა ლიბერალური ნაბიჯების გამო, რომელიც მთავრობამ გადადგა, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილი რეპრესიების გამო. ჩვენ მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც გასულ წელს ვიხილეთ, შეაჩეროს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც ზღუდავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი მოსახლეობის ლეგიტიმურ მისწრაფებას ევროკავშირში, რომელსაც დღეს "ქართული ოცნება" ღალატობს. თუ მათ სურთ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას, იციან ეს როგორ უნდა გააკეთონ. 

გულწრფელად რომ გითხრათ, ახლა საქართველო ევროკავშირის კანდიდატია, მაგრამ დე ფაქტო სტატუსი გაყინულია, არ მიდის წინ. იქამდე არ წავა წინ, სანამ "ქართული ოცნება" გააგრძელებს რეპრესიებს ქართველი ხალხისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული და თავისუფალი მისწრაფებების წინააღმდეგ რეპრესიებს. უფრო მეტიც, იცით, რომ ჩვენ გვაქვს მექანიზმები, განსაკუთრებით ვიზები, რომელიც ევროპული საბჭოს წევრების მაგიდაზე დევს. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ. ტარგეტირებული სანქციები, მათ შორის საფრანგეთმა, სავიზო სანქციები დავუწესეთ მათ, ვინც დაკავშირებული იყო რეპრესიებთან. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რითაც უფრო შორს შეგვიძლია წავიდეთ ევროპელ პარტნიორებთან ერთად," - განაცხადა ბენჯამინ ჰადადმა.