პაპუაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ევროკავშირი გააკრიტიკა
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წინააღმდეგ - დღეს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ტრიბუნიდან ამტკიცებდა, რომ ბრიუსელი ქართული დემოკრატიის შემაფერხებელია და არა ხელშემწყობი.
პაპუაშვილმა დღეს ყოველწლიუი ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ ევროკავშირი უსამართლო, უღირსი და არაევროპულია.
"ოცნების" ლიდერი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის სუროგატის შექმნას ცდილობს.
ჩვენი ქვეყნის მართვის საკითხებში არ არსებობს პროევროპულობა და ანტიევროპულობა, პროდასავურობა და ანტიდასავლურობა, პრორუსობა და ანტირუსობა. არსებობს მხოლოდ ქართულობა და ანტიქართულობა- ეროვნული ინტერესების ერთგულება და ეროვნული ინტერესების ღალატი. ის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი არ არის, არ ნიშნავს, რომ საქართველო ევროპა არ არის ან ვინმეზე ნაკლები ევროპაა, ამიტომ, ვერც ბრიუსელისგან და ვერც ევროკავშირის სხვა დედაქალაქისგან ვერ მივიღებთ მენტორულ ტონს, როცა საუბარია ევროპულ ღირებულებებზე. ევროკავშირის წევრობა არავის უნდა აძლევდეს უფლებას, მენტორული ტონით ესაუბროს ქართველ ხალხს და ქედმაღლურად უკარნახოს, როგორი უნდა იყოს მისი არჩევანი. ასეთი დამოკიდებულება უსამართლო, უღირსი და მაშასადამე არაევროპულია.
დღევანდელი ევროპული კავშირი სულ უფრო შორდება იმ ევროპას, რომლის შექმნანაშიც ჩვენც მიგვიძღვის წვლილი. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს დემოკრატიას. ქართველი ხალხისთვის პიოლიტიკური ნების გარედან თავს მოხვევა ან მის ნაცვლად ქართველი ხალხის სუროგატის შექმნის მცდელობა დემოკრატიის უხეში უარყოფაა. მისი დღევანდელი პოლიტიკით, ბრიუსელი ქართული დემოკრატიის შემაფერხებელია და არა ხელშემწყობი. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს სამართლის უზენაესობას. ბრიუსელი საკმარისად მეტად დამარცხდა საერთაშორისო სასამართლოებში ქართყლ მართლმსაჯულებასთან იმისთვის, რომ დღეს კვლავ ქედმაღლურად ეჭვქვეშ აყენებდეს მის გადაწყვეტილებებს.
ბრიუსელმა საბოლოოდ და მკაფიოდ უნდა დაადასტუროს მისი ერთგულება სამართლის უზენაესობის მიმართ და გაემიჯნოს ძალადობასა და პოლიტიკურ მოტივირებულ დანაშაულებებს, როგორც პოლიტიკის წარმოების ინტრუმენტს. შეუძლეებლია ევროკავშირი გადარჩეს ასეთი პოლიტიკით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ოპოზიციაზეც. ახსენა დარბაზში მყოფი გახარიას გუნდი და თქვა, რომ ყოფილი პრემიერის ფრაქცია "გაურკვევლობაშია გაჭედილი".
დღეს პარლამენტში გვყავს ერთით მეტი ოპოზიციური ჯგუფი - ფრაქცია "საქართველოსთვის" სახით, თუმცა ასევე ვხედავთ, რომ ეს ფრაქცია გაურკვევლობაშია გაჭედილი, ისევე როგროც დანარჩენი არასაპარლამენტო ოპოზიცია. მათ ერთდროულად უნდათ იყვნენ საქართველოს არჩეული პარლამენტის წევრები და ამავე დროს უარი თქვან პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე. ჩვენ ვისმენდით, რომ მათი პარლამენტში შემოსვლის მიზანი ხელისუფლებასთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში თავად აღმოჩდნენ თამაშგარე მდგომარეობაში საკუთარი გაორებული პოლიტიკური მდგომარეობის მძევლად", - განაცხადა პაპუაშვილმა
ოპოზიციაზე საუბრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ისევ ევროკავშირის კრიტიკა განაგრძო და თქვა, რომ ევროკავშირის მხრიდან "სრულ წაყრუებას, გატრუნვას და ზურგის შექცევას ხედავენ".
ტერორისტული რევოლუციის სამარცხვინოდ დამარცხებული მცდელობიდან ხუთი თვე გავიდა. მორიგ ჯერზე ჩავარდნილი ამ სამარცხვინო პროცესის პასუხად, ნაცვლად დემოკრატიისა და სამართლიანობის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი განცხადებების მოსმენისა, მომხდარის დაგმობისა, ძალადობისგან ცალსახა გამიჯვნისა და სათანადო მოწოდებისა, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან სრულ წაყრუებას, გატრუნვას და ზურგის შექცევას. ეს დუმილი შემთხვევითი არ არის. მისი სიღრმისეული მიზეზია დემოკრატიულ ღირებულებებში კრიზისი, საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის რღვევა და ევროკავშირის მზარდი უუნარობა, გაუმკლავდეს საკუთარ შიდა გამოწვევებს.", - განაცხადა პაპუაშვილმა.
"ოცნების" ლიდერი დღეს ასევე საპარლამენტო ტრიბუნიდან ირწმუნებოდა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება. ამ კონტექსტში, პაპუაშვილმა ახსენა დაფინანსების შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მისი თქმით, არის სამართლებრივი გარანტია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას გარედან ვეღარავინ შეეხება.
დღეს დამოუკიდებლობას ხელახლა გვართმევენ და სწორედ ამიტომ არის ამგვარი გააფთრებული წინააღმდეგობა, როცა ვცდილობთ დავიცვათ სუვერენიტეტი და დავიცვათ საქართველო. სწორედ ამიტომ, ბოლო პლენარულს სხდომაზე მესამე მოსმენით მივიღეთ უცხოური დაფინანსების შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც არის სამართლებრივი გარანტია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას გარედან ვეღარავინ შეეხება. ეს კანონი არის იმ ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება, რომელსაც სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს გარე ჩარევის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც ეს ამ საუკუნის უდიდესმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა, უკრაინის ომმა გვაჩვენა - როდესაც ქვეყანა დროულად არ იცავს საკუთარ სახელმწიფოს შიგნიდან და გარედან, მის ბედს სხვები წერენ. ორიოდე კვირის წინ შესრულდა ოთხი წელი, რაც ჩვენ ვუყურებთ ომის ქარცეცხლში გახვეულ ევროპას. ოთხი წელია ვუყურებთ მის ტერიტორიულად უდიდესი სახელმწიფოს ტრაგედიას და ევროკავშირის უუნარობას, გაუმკლავდეს სულ უფრო მზარდ კრიზისს. თითოეული დღე, რომელიც ომის დღის წესრიგით თენდება, ამძაფრებს გეოპოლიტიკურ კრიზისს და აღრმავებს უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემის ეროზიას. ჩვენ ვხედავთ სრულ უუნარობას, გადაიდგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები, რომელიც დაასრულებდა ომს, უკრაინელი ხალხის ტანჯვას და მათი სახელმწიფოს ნგრევას", - განაცხადა პაპუაშვილმა.