საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა - კვლევა

17.03.26 15:39
საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა - კვლევა

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ქვეყანა „საარჩევნო ავტოკრატიის” კატეგორიაში გადის - ამის შესახებ V-Dem Institute-ის დემოკრატიის ანგარიშშია საუბარი. 

კვლევის მიხედვით, ლიბერალური დემოკრატიის და საარჩევნო დემოკრატიის ინდექსებში საქართველო 101-ე ადგილს იკავებს.

V-Dem Institute-ის ანგარიშის თანახმად, ლიბერალური კომპონენტის ინდექსსა და მონაწილეობითი კომპონენტის ინდექსში მაჩვენებელი გაუარესებულია.

ანგარიშში, ასევე, ყურადღება გამახვილებულია დისკუსიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების შევიწროებაზე საქართველოში.

„საქართველოს დემოკრატიზაციის პერიოდი, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების გაუმჯობესებით, 2016 წლამდე გაგრძელდა. უკუსვლა თანდათანობითი იყო 2024 წლის საარჩევნო პროცესამდე, რომელიც დაჩრდილა ბრალდებებმა, დარღვევებმა და მედიისა თუ ოპოზიციის გაჩუმების მცდელობებმა. რამდენიმე დამკვირვებელმა 2024 წლის არჩევნები შეაფასა, როგორც „გაყალბებული“ და რუსული გავლენის დაქვემდებარებაში მყოფი. 2024 წლის არჩევნების შედეგები კვლავ სადავოა. ღრმა პოლიტიკური კრიზისი აშკარას ხდის განხეთქილებას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის. დემოკრატიის მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა 2023-2025 წლებში, რამაც საქართველო საარჩევნო ავტოკრატიად აქცია“, — ნათქვამია ანგარიშში.

2026 წლის ანგარიშის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოება განიცდის ძლიერ ზეწოლას გლობალურად.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ რეპრესიები უარესდება 39 ქვეყანაში, მაშინ როცა სსო-ების დაფუძნებასა და გაუქმებაზე კონტროლს სულ უფრო მეტად აძლიერებენ მთავრობები 37 ქვეყანაში. მაგალითად, მთავრობები საქართველოში, მალიში და რუსეთში (ეს მხოლოდ რამდენიმე მათგანია), ახლა სულ უფრო მეტად იყენებენ შემზღუდავ კანონებს, რათა შეზღუდონ, გააკონტროლონ ან კრიმინალიზაცია მოახდინონ უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობის“, - აღნიშნულია ანგარიშში.