ზურაბიშვილი პატრიარქზე: ყოველი მისვლისა და ყოველი ხელის შეხებისას ვგრძნობდი მის ხელიდან წამოსულ სითბოსა და ძალას

17.03.26 20:15
ზურაბიშვილი პატრიარქზე: ყოველი მისვლისა და ყოველი ხელის შეხებისას ვგრძნობდი მის ხელიდან წამოსულ სითბოსა და ძალას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხმიანება და წერს, რომ “ყოველი მისვლისა და ყოველი ხელის შეხებისას გრძნობდა მის ხელიდან წამოსულ სითბოსა და ძალას.“

მისი თქმით, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს 2024 წლიდან დღემდე, მისი თხოვნა, პატრიარქთან შეხვედრის შესახებ, საპატრიარქომ უპასუხოდ დატოვა.

არ ვიცი, რა დავწერო ან რა ვთქვა — გარდა იმისა, რომ, როგორც ბევრმა, მეც ვიგრძენი პატრიარქის ჩემზე ზრუნვა და მისი სიყვარული. ყოველი მისვლისა და ყოველი ხელის შეხებისას ვგრძნობდი მის ხელიდან წამოსულ სითბოსა და ძალას.
უკვე წელიწადნახევარია — 2024 წლის სექტემბრიდან — ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი. არც კოვიდტესტირებამ და არც მრავალგზის შეხსენებამ შედეგი არ გამოიღო. ეს ჩემთვის დიდ წუხილად დარჩება.
დღეს კი ვიცი, რომ თხოვნასაც აღარ აქვს აზრი, სანამ ეს საკითხი სხვათა გადასაწყვეტი იქნება. საავადმყოფოში მისვლა, ინტერვიუების მიცემა და კადრში გამოჩენა აუცილებელ პროტოკოლად არ მიმაჩნია. ამის სჯობს პარაკლისის გადახდა და ჩუმად ლოცვა მისი გამოჯანმრთელებისთვის,- წერს ზურაბიშვილი.