ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები საქართველოს შესახებ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშს ეხმაურებიან
ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები საქართველოს შესახებ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშს ეხმაურებიან და საერთო განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების ხელმომწერები აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს, რათა გამოიყენონ სანქციები და სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები, რათა მოითხოვონ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის რეკომენდაციები.
ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ნათლად ამბობს: „ქართული ოცნება“ ართმევს ქართველ ხალხს მათ ძნელად მოპოვებულ თავისუფლებას და მათ ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, შეუერთდნენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რათა გამოიყენონ სანქციები და სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები, რათა მოითხოვონ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მოხსნან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ და გააუქმონ არადემოკრატიული და უსამართლო კანონები," - წერია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები არიან: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია), ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), სენატორი შელდონ უაითჰაუსი (დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), და სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია).
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.