გიგი უგულავა: საპატრიარქოში შეთქმულებაა... მსოფლიო პატრიარქს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელარუსის ეგზარქოსი წირვაზე დააყენონ

20.03.26 10:14
გიგი უგულავა: საპატრიარქოში შეთქმულებაა... მსოფლიო პატრიარქს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელარუსის ეგზარქოსი წირვაზე დააყენონ

საპატრიარქოში შეთქმულებაა. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელარუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც უგულავა აღნიშნავს,  "ეს ეგზარქოს შიო მუჯირის პირველი ღია ნაბიჯია, მიიტაცოს პატრიარქის ტახტი რუსების დახმარებით"

„საპატრიარქოში შეთქმულებაა. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელარუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ. რუსეთის ეკლესიას კონსტანტინოპოლთან გაწყვეტილი აქვს ევქარისტიული კავშირი მას შემდეგ, რაც მან უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. შესაბამისად, თუ სწირავს ბართლომე, არ დაესწრებიან რუსები. მეტიც ჩვენი ძვირფასი იერარქების ნაწილი თურმე იმუქრება პატრიარქ ბართლომესთან არ ვწირავთო. ანუ კირილეს ვირეშმაკობას, ვითომ არა რუსი, არამედ ბელარუსი იერარქი რომ გამოგვიგზავნა, წყალობად ვიღებთ, ხოლო მსოფლიო პატრიარქს უარს ვეუბნებით „თავის ქრისტესმიერ ძმასა და სულიერ მეგობარს“ კვირის წირვაზე დაემშვიდობოს?! და ამას თურმე ვხსნით იმით, რომ ბართლომე წირვაზე დიდ ჩამონათვალში უკრაინის ეკლესიის მეთაურს უნეტარეს ეპიფანეს მოიხსენიებს?!

მეგობრებო, ეს ეგზარქოს შიო მუჯირის პირველი ღია ნაბიჯია მიიტაცოს პატრიარქის ტახტი რუსების დახმარებით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის შარშან პატრიარქს ფაქტობრივად გაძევებული ჰყავდა. უნდა იცოდეს, რომ პატრიარქის ანდერძი არსებობს და მას არ ანახებენ ხალხს, მოტივით რომ 15 სეიფია და სად ვეძებოთო. უწმინდესის ცხედარი არ გაციებულა და ესენი უკვე სპეცოპერაციას ატარებენ.

არ მაქვს ილუზია, რომ დღეს ამ ტალღას შევაჩერებთ, გავუმკლავდებით. მაინტერესებს, ერთი მართალი მაინც თუ აღმოჩნდება მანდ, ვინც ამას ყველაფერს ხალხს ეტყვის, თუ სოდომისა და გომორის მსგავსად წარსაწყმედლადაა განწირული კირიონის, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკის, ეფრემის დავითისა და ილიას საქართველოს საპატრიარქო ტახტი!

ეგ ნინევია რომ დაინგრევა, საინტერესოა რამდენს შეგრცხვებათ და სინანული შეგაწუხებთ“, - წერს გიგი უგულავა.

საპატრიარქოში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I ლიტურგიას არ გაუძღვება, ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.