პატრიარქის გაცილებაზე ჩემი მიყვანა იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის, ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი - სააკაშვილი

21.03.26 12:38
პატრიარქის გაცილებაზე ჩემი მიყვანა იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის, ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი სამების ტაძარში პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მიყვანა "ოცნებისა" და ივანიშვილის მხრიდან ერთიანობისკენ მიმართული სწორი საქციელი  იქნებოდა - "მაგრამ ივანიშვილი მოიქცა როგორც ივანიშვილი, ე.ი. როგორც სახელმწიფოებრიობის მტერი".

პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ შეეშალა ხელი ჩემთვის პატრიარქთან გამომშვიდობებაში რაც მოვითხოვე, როგორც პატრიარქის სულიერმა შვილმა და ასევე პატრიარქის მონათლული ნიკუშას მამამ.
ჩემი მიყვანა მათი მხრიდან იქნებოდა ერთიანობისკენ მიმართული სწორი საქციელი, მაგრამ სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ სახელმწიფო მოღვაწეები, ხოლო ივანიშვილი მოიქცა როგორც ივანიშვილი, ე.ი. როგორც სახელმწიფოებრიობის მტერი. 
საერთოდ, სიმართლე ითქვას, ვისაც როგორც უნდა ეწყინოს, ორი ადამიანი აღიზიანებდა ყოველთვის ივანიშვილს ყველაზე მეტად, პატრიარქი, (რომელსაც შენობით მიმართავდა, ხელზე არასდროს მთხვევია და ყველანაირად უთხრიდა ძირს) და მე. 
პატრიარქი ჯერ გაანეიტრალა და ახლა საბოლოოდ გათავისუფლდა მისგან და ახლა ჩემი მოშორებაღა დარჩა სრული ბედნიერებისთვის. 
ვერ ეღირსება!"- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

 

მსგავსი სიახლეები